Belive

მასიმო ამბროზინი: "კვარაცხელია ფენომენია - ასეთ ფეხბურთელს მწვრთნელი არ უნდა ეკამათოს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"მილანის", "ფიორენტინას" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მასიმო ამბროზინიმ რადიო Goal-ის ეთერში, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც წინა ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. ახალი სეზონი მათ სიძნელეების ფონზე დაიწყეს, მაგრამ ახლა წარსულ დონეს უბრუნდებიან. ფეხბურთელებს რუდი გარსიას მიერ შემოტანილ ახალ იდეებთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებოდათ.

მე შარშან "ნაპოლის" მიერ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" განადგურებას დავესწარი. რაც შეეხება ახალ სეზონს, ნეაპოლელებმა მადრიდის "რეალს" პატივი უნდა სცენ და ამავე დროს, მეტოქის არ შეეშინდეთ.

ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია. ის ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" მარცხის შემდეგ გააკრიტიკეს, მაგრამ ის მოედანზე ერთადერთი იყო, რომელსაც შესაბამისი ნიჭი და სურვილი ჰქონდა, რათა ეთამაშა და მატჩის ბედის გადარჩენა ეცადა. არ შეიძლება, რომ მწვრთნელი ასეთ ფეხბურთელს ეკამათოს.

ლინდსტრომი ერთადერთი ნეგატიური კომპონენტია "ნაპოლის" შემადგენლობაში, რომელიც ჯერჯერობით იტალიურ ფეხბურთს ვერ მოერგო, თუმცა გერმანიაში განსხვავების შექმნას ახერხებდა", - თქვა 46 წლის იტალიელმა, რომელმაც "როსონერის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს, 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 7 მატჩის ჯამში, 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. "ნაპოლი" "რეალს" 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები