Belive

Marca: "საქართველო კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით - კვარაცხელია ესპანეთს ემუქრება"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანურმა მედია საშუალება Marca-მ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, "ფურია როხას" მიერ საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

ესპანელები საქართველოს ეროვნული გუნდის ძალებს განიხილავენ და ჩვენი გუნდის ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძეს, გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა საზონოვს გამოარჩევენ.

"ესპანეთს კვარაცხელიას ჩრდილი ფარავს, საქართველოს ნაკრების ლიდერი, "ნაპოლის" ბრწყინვალე მარცხენა გარემარბი თავისი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანას აპირებს. მისი სისწრაფე და დრიბლინგის ტექნიკა საშიში ფაქტორია ლუის დე ლა ფუენტესთვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ორი გამოცდილი მარჯვენა მცველი, კარვახალი და ასპილიკუეტა გამოეძახებინა, რომლებიც მის შეჩერებას აპირებენ.

მაგრამ არის სიურპრიზი: ფრანგი ვილი სანიოლი, საქართველოს მწვრთნელი, მის გამოყენებას მარჯვენა ფლანგზე აპირებს, სადაც მას ბალდე და გაია ელოდებიან.

პრობლემა მწვავე არ იქნებოდა, საქართველოს მხოლოდ კვარაცხელია რომ ჰყავდეს, მაგრამ ისინი საკვალიფიკაციო ჯგუფის განწირული გუნდი აღარ არიან. ახლა მათ ევროპის წამყვან ლიგებში აქტიურად მოთამაშე ფეხბურთელების სია აქვთ, რომლებიც პარასკევს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 55 000 გულშემატკივრის წინაშე გასამართ მატჩში ესპანეთისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, კვარას გარდა, "ტორინოს" მცველი სავა საზონოვი, "უოტფორდის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, "ბორდოს" შემტევი, ზურიკო დავითაშვილი და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე არიან. ასევე გუნდის განაცხადში "ლევანტეს" ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი და "დინამოს თბილისის" მცველი, სანდრო კალანდაძე არიან.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების კარს გარანტირებულად გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელიც "ვალენსიაში" თამაშობს და ზაფხულში მადრიდის "რეალის" სატრანსფერო დღის წესრიგში იყო.

მოკლედ, საქართველო კარგი გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს", - წერს Marca-ი.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები