Belive

"მამარდაშვილი ბარსას და ატლეტიკოს შევთავაზე, მაგრამ დამცინეს" - მენეჯერი, რომელმაც ტრანსფერში მონაწილეობა მიიღო

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ანტონიო ლოპესი ესპანელი საფეხბურთო მენეჯერია, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ტრანსფერში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.​ მან ondacero.es-თან ინტერვიუში ქართველი მეკარის ტრანსფერის დეტალების შესახებ ისაუბრა, მეკარისა, რომელსაც 29 სექტემბერს 22 წელი შეუსრულდა.

"მითხრეს, რომ თბილისის "ლოკომოტივში" იყო მეკარე და რომ მან შესანიშნავი თამაშები ჩაატარა და მე დავიწყე მისთვის დაკვირვება. ის პირველად ცოცხლად იმ დღეს ვნახე, როდესაც ისინი თამაშობდნენ "გრანადასთან" უეფას ევროპა ლიგის მატჩში. ამის შემდეგ მე მის წარმომადგენლებს ვესაუბრე, დავიწყეთ მუშაობა და შევთავაზეთ ესპანელებს. ქართველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ასევე კონკურენტუნარიანი სპორტსმენები არიან, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ უყვართ მუშაობა.

პირველი, რამაც მამარდაშვილის შემთხვევაში ჩვენი ყურადღება მიიპყრო, იყო გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც მას აქვს. არსებობენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ამ თვისების გარეშე, მამარდაშვილი კი მათ რიგებს არ განეკუთვნება. 19 წლის იყო, როცა "გრანადას" წინააღმდეგ ვნახე. "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, ასევე იყო "ბეტისი"... მაგრამ ყველამ მითხრა: "ქართველი? ხომ არ მეხუმრები? ჩემი მოკვლა გინდა?". მაქსიმალურად ვეცადე, რომ ტრანსფერი გამოსულიყო, რადგან ის საუკეთესო მეკარე იყო.

პირველი, ვინც ყურადღება მომაქცია, "ვალენსიას" წარმომადგენელი, ხოსე ხიმენესი იყო და მან მითხრა - "ეს ბიჭი მეკარეა". მამარდაშვილის ფასი თავდაპირველად 350 000 ევრო იყო, საბოლოოდ კი - 850 000. ეს მაინც ძალიან იაფია.

მას მეორე გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ მასთან ბორდალასი მივიდა და უთხრა, რომ მთავარ გუნდს უნდა შეერთებოდა. და ის უცბად ვარსკვლავების გვერდით აღმოჩნდა. პირველი ამხანაგური მატჩის შემდეგ ხაუმე დომენეკი და სილესენი დაშავდნენ და ამან მამარდაშვილის დაწინაურებას ხელი შეუწყო.  მას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, რადგან ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მე გაკვირვებული ვიყავი მისი ასეთი სწრაფად გაუმჯობესების ხარისხით. ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მეკარე იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის ცოტა ხანს კიდევ სათადარიგოთა სკამზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წინ წავიდა და საბოლოოდ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.

2019 წლის დეკემბერში, პანდემიის დაწყებამდე, მე თბილისში ვიყავი მარკო ოტეროსთან ერთად, რომელიც "ვალენსიას" აკადემიის დირექტორია. მე მას ვუთხარი, რომ რუსეთში ერთი ქართველი ბიჭი თამაშობდა, რომელიც იქ ყველაფერს ანგრევდა, ჩვენ კი მამამისი მოსალაპარაკებლად გველოდა. მას მოლაპარაკებების წარმოების უფლება არ მისცეს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის მენეჯერი იყო და მთავარი გუნდის საქმეებში ჩართვის ნება არ დართეს. 

მარტში უკრაინის ომი რომ დაიწყო, უეფას და ფიფამ გამოსცეს რეგულაცია, რომელიც რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ზაფხულამდე კლუბის დატოვების უფლებას აძლევდა. მე ისევ დავუკავშირდი "ვალენსიას", მაგრამ მათ მითხრეს, რომ ზაფხულამდე უნდა დაგვეცადა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი უფასოდ დამატება. საბოლოოდ ეს ბიჭი "ნაპოლიმ" 11 მილიონ ევროდ შეიძინა და დღეს ის ფანტასტიკური ფეხბურთელია - სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე", - თქვა ანტონიო ლოპესმა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო ფასიც Transfermarkt-ის მონაცემებით 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, “ვალენსიას” მაისურით სულ 27 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაუშვა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში მამარდაშვილს 5 გოლი აქვს გაშვებული 2-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები