Belive

ლუკა ლოჩოშვილი: "მთავარი მიზანი ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და იტალიური "კრემონეზეს" ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიურ მედიასთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც რამდენიმე თემის შესახებ ისაუბრა.

"აქ თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი მომწონს, მთლიანად გუნდი და პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის კეთილგანწყობილნი და თბილები არიან ჩემს მიმართ. გუნდის მიზანი ძალიან ამბიციურია და ამან ასევე იმოქმედა ჩემს გუნდში ყოფნაზე.

ზოგადად, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გარდა ამისა, ახლა იტალიურად უკეთ საუბარს ვიწყებ და ეს ასევე გუნდის წევრებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობას მაძლევს.

ქალაქი პატარაა, მაგრამ ძალიან მომწონს. მე ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ხალხს ჩვენი, ფეხბურთელების მიმართ აქვს, რადგან ისინი ყველა ძალიან მშვიდები არიან. თავისუფალ დროს ხშირად დავდივარ ცენტრში, რაც ძალიან სასიამოვნოა: მეუღლესთან ერთად სასეირნოდ ან თუნდაც ყავის დასალევად.

სერია B? ვაღიარებ, რომ აქამდე არ ვიცოდი ამ ჩემპიონატის დონის შესახებ. ჩემმა თანაგუნდელებმა, რომლებსაც აქ თამაშის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, ამის შესახებ მითხრეს. ყველა მატჩი რთულია და ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სეზონის დასაწყისში ვართ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ სასურველი შედეგების მიღებას, რადგან ძლიერი გუნდი ვართ.

ჩვენ საკმარისი ამბიცია გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ვითამაშოთ და იმედი მაქვს შევძლებთ იმის დაბრუნებას, რაც წინა სეზონში დავკარგეთ.

სერია A-ს დონის ჩემპიონატში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანია. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაზე. აქ ძალიან მაღალი დონეა და იმისთვის, რომ იქ ადგილი შეინარჩუნო, ბევრი უნდა იმუშაო. ჩემი ამბიციაა, რომ ისევ მივაღწიო ამ ეტაპს.

მე ძალიან მომწონს ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც პირველივე დღიდან თბილად დამხვდნენ. შარშან, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ და არიან, ყოველგვარი დანებების გარეშე. ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის ეს ფუნდამენტურია, რადგან ეს გვაძლევს დამატებით მუხტს მოედანზე. მე ყოველთვის ვგრძნობ მათ სითბოს და ვაღიარებ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ასპექტი, რომელმაც ჩემი ამ გუნდში თამაში განაპირობა.

ეროვნული ნაკრები? შენი ეროვნული ნაკრების წარმოდგენა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და სიამაყეა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს. გუნდი, რომელიც იქმნება, ძალიან ახალგაზრდაა და მჯერა, რომ სამომავლოდ შეიძლება ვიღაცებისთვის რთული მეტოქეები ვიყოთ. ჩემი პირადი მიზანი საქართველოსთან ერთად დიდ ტურნირზე გასვლაა.

რაც შეეხება დაჩი ლორთქიფანიძეს, რომელიც ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, მას ჩამოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ამ წელიწადნახევარში დავმეგობრდით და მინდა გითხრათ, რომ ის ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა, მას ძლიერი ხასიათი აქვს და პროფესიონალურად ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნათელი მომავალი ელოდება, მთავარია, რომ მუშაობა გააგრძელოს", - თქვა 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

მიმდინარე სეზონში, ქართველ ფეხბურთელს სერია B-სა და იტალიის თასზე საერთო ჯამში 9 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები