Belive

ლუკა გადრანი: "ბავშვობის ოცნება ამიხდა, რისთვისაც ბევრი რამ გავიღე"

3 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს რამდენიმე დებიუტანტი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონი ალმა ატის კაირატია, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობს. ისტორიული წარმატების მიღწევის შემდეგ ალმა ატაში 28 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს, ლუკა გადრანს ვესაუბრეთ.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს რამდენიმე დებიუტანტი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონი ალმა ატის კაირატია, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობს. ისტორიული წარმატების მიღწევის შემდეგ ალმა ატაში 28 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს, ლუკა გადრანს ვესაუბრეთ.

გილოცავ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, ალბათ ეს ის ერთ-ერთი ოცნებაა, რომელიც ბავშვობაში გქონდა, ის რის გამოც ფეხბურთის თამაში დაიწყე, რას გრძნობ, მოგვიყევი შენი ემოციების და ამ წუთამდე განვლილი გზის შესახებ?

ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ასეთი დონის ტურნირზე მოხვდეს და გრანდების პირისპირ ითამაშოს. ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაა და მადლობა ღმერთს, რომ ახდენის საშუალება მომეცა. ამისთვის ცხადია, ბევრი შრომა და სწორი ნაბიჯების გადადგმა საჭირო კარიერული განვითარების გზაზე. ბევრი რამის გვერდით გადადება და სრული კონცენტრაციის ფეხბურთზე მიმართვაა აუცილებელია.

რა ხდება ალმა ათაში და ზოგადად ყაზახეთში ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ალბათ განსაკუთრებული ზეიმია?

ალმა ატაში ძალიან ლამაზი, ბედნიერი, ისტორიული დღეები გათენდა. არამხოლოდ ჩვენს ქალაქში, არამედ სრულად ყაზახეთში ძალიან დიდი ზეიმია. აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ფუფუნება მხოლოდ ასტანას ჰქონდა, ახლა კი, კაირატმა საკუთარ ისტორიაში სადებიუტოდ და ყაზახური ფეხბურთის ისტორიაში მეორედ, ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ლიგის ფაზაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

კაირატი ძალიან ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა. ყველგან საზეიმო განწყობაა, ქალაქსა და ქვეყანაში, გვილოცავენ, მადლობას გვიხდიან და წარმატებას აღნიშნავენ.

ფიზიკურად როგორ ფორმაში ხარ? წლის დასაწყისში, რთული ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაგიცდა და ახლა როგორ გრძნობ თავს? რამდენი წუთის სათამაშოდ ხარ მზად და მწვრთნელთან თუ გქონდა საუბარი? ძირითად შემადგენლობაში შენი ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლის გზაზე რა ხდება?

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, უკვე სამი თვეა, რაც გუნდის შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება შევძელი, ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩებში ვითამაშე და მწვრთნელმა საშუალება მომცა, რომ მოედანზე დავბრუნებულიყავი.

ჯერჯერობით, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობის მიღება დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ შევძელი, მაგრამ ახლა თავს ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვგრძნობ. მზად ვარ და ჩემს შანსს ველოდები. როგორც კი იმის საშუალებას მივიღებ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვითამაშო, მზად ვარ საკუთარი ძალების მაქსიმუმი გამოვავლინო, უკვე 90 წუთის სათამაშოდაც მზად ვარ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზეც და ჩემპიონატშიც ძირითად შემადგენლობაში ჩემს ადგილს დავიბრუნებ.

აქტობეში თამაშის დროს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველი გავხდი და გუნდშიც დადებითად არიან განწყობილები. უბრალოდ, ტრავმამ უკან დამხია, თუმცა ჩემს კარიერას მუდმივად თან ახლავს ის ფაქტორი, რომ სირთულეები უფრო მეტად მაძლიერებს. ახლა, უფრო მაღალი მოტივაციით ვბრუნდები.

ლიგის ფაზაზე გამოსვლა განსაკუთრებული გამოცდილება იქნება, გრანდებთან სათამაშოდ როგორც ცენტრალური მცველი, ალბათ განსაკუთრებულად, მოემზადები?

წილისყრა შედგა და ჩვენი მეტოქეებიც გავიგეთ. საინტერესო იქნება ჩემი თავის გამოცდა მაღალი დონის გუნდებთან, კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაანალიზო საკუთარი თამაში და როგორც ფეხბურთელი, უფრო მეტად გავიზარდო და წინ წავიდე. გამოცდილების მიღებისთვის ძალიან სასიამოვნოა, ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან, იანვრიდან ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებ, ამ წარმატების შემდეგ, ხომ არ იზრდება შანსები, რომ კაირატში გააგრძელო კარიერა?

ისრაელის ჩემპიონატიდან მივიღე შემოთავაზება. წინასწარ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, თუმცა ბეითარს ჩემი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გამოსყიდვა სურს. რისი გადაჭრით თქმაც შემიძლია, ის არის, რომ იანვრიდან აუცილებლად ბეითარ იერუსალიმში ვითამაშებ.

ნაკრების დებიუტანტი] ლუკა გადრანი: "შენი ქვეყნისთვის რომ დაიხარჯები და  მთელი ერი გვერდში გიდგას, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს"... | Lelo.Ge

გიორგი ზარიაზეც გკითხავ, როგორ გრძნობს თავს, როდის უნდა ველოდოთ მის მოედანზე დაბრუნებას?

ახლა გიორგი ზარიას ფეხის მდგომარეობა უკეთ აქვს. მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი დროის თქმა ძნელი იქნება, მაგრამ იმედია ამას მალე მოახერხებს.

ზოგადად, ამ ისტორიულ წარმატებაზე რას ფიქრობ, შენი აზრით როგორ შეძლო კაირატმა ამ გზის გავლა და ყაზახურმა საკლუბო ფეხბურთმა. გარდა ფინანსებისა, რა არის ის რასაც ყაზახეთში სწორად აკეთებენ და ასეთ შედეგებს აღწევენ, რა მხრივ შეიძლება განვითარდეს ქართული საკლუბო ფეხბურთი, რომ იგივე გზა გაიაროს, რასაც ყაზახური გუნდები გადიან?

ალმა ატის კაირატმა ჩემპიონთა ლიგაზე მისასვლელად ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მოახერხა. გუნდის პრეზიდენტს, ძალიან უყვარს ფეხბურთი და საკუთარი კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. ძალიან მონდომებულია და როგორც მთავარი გუნდის, ისე აკადემიის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამის მაგალითი, ჩვენი თანაგუნდელი, დასტან სატპაევია, რომელიც ლონდონის ჩელსიმ დაიმატა. 16 წლის ასაკში მასში დაახლოებით 5 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება ჩელსიში ითამაშებს.

კომპლექსურად ბევრი საკითხია, რასაც გუნდი ახორციელებს. ფინანსები, ფინანსების სწორი მართვა: აკადემიისა და მთავარი გუნდის განვითარება, ინფრასტრუქტურა, სელექცია, სკაუტინგი, ფეხბურთელებს შორის და გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო. ასეთი სწორი მუშაობის შემთხვევაში, წარმატება მიიღწევა.

სხვა სტატიები