Belive

"ლევანტეს ოცნებების არქიტექტორი, რომელიც 24 საათი საკუთარ თავზე მუშაობს" - ესპანური მედია გიორგი ქოჩორაშვილს აქებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს ძალიან კარგი სეზონის პარალელურად, ესპანურ მედიაში ბრწყინვალე გამოხმაურება აქვს.

"ლევანტე" აგრძელებს ოცნებისაკენ სვლას, რომელსაც ლა ლიგაში აღზევება ჰქვია. ამ მიზნის შესრულებაში გუნდის ყველა წევრი ჩართულია, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქოჩორაშვილია. ის თავისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია ლა ლიგისაკენ მიმავალი გზის შენებაში.

გოლები, საგოლე პასები და ტექნიკური თამაში საყრდენი ნახევარმცველისთვის, რაც ევროპულ ფეხბურთში თანამედროვე ტენდენციაა, ქართველისთვის დამახასიათებელი ის უნარებია, რომელიც ლიდერობაში ეხმარება.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს, მან თავისი ხარისხი ფართო სცენაზე დაამტკიცა, ხოლო ახალი სეზონიდან ინდივიდუალურად განვითარდა და "ლევანტეს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქოჩორაშვილი სრულყოფილი სტილის ნახევარმცველია, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში აქტიური მოქმედებებით გამოირჩევა. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე ძლიერი მხარე აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი თავდადებული თამაში და ფიზიკური ორთაბრძოლებია.

ქოჩორაშვილმა ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატების წარმომადგენელი გუნდების შემოთავაზებებზე უარი თქვა, რადგან სურს მთელი ძალით "ლევანტეს" ლა ლიგაში დაწინაურებაში დაეხმაროს.

გიორგი ქოჩორაშვილის სხეული და გონება ინტენსიურად მუშაობს. გარდა იმ ინსტრუმენტებისა, რასაც გუნდი ფეხბურთელებს აძლევს, ქართველს ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი და ფიზიოთერაპევტი, როგორც უმეტესობას, ამავე დროს კი, ანალიტიკოსი, რომელიც ტაქტიკური განსწავლულობისა და პოზიციურად სწორად თამაშის გაუმჯობესებაში ეხმარება. გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს კვების სპეციალისტი, რომელიც ინდივიდუალური რაციონის შედგენაში ეხმარება და ასევე მზარეული, რომელიც საკვების მომზადებას უმარტივებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთელი აცნობიერებს ინტერესებს და იყენებს შესაბამის საშუალებებს იმისათვის, რომ პროფესიონალურად განვითარდეს. საკუთარ თავზე 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ქართველი ფეხბურთელი კარიერაში მნიშვნელოვან ნახტომს აკეთებს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით", - წერს superdeporte.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, მისი გუნდი ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს, რასაც თუ დარჩენილ დროში შეინარჩუნებს, ლა ლიგაში აღზევდება.

სხვა სტატიები