Belive

ლევან კორღალიძე: "ჟენისში საქმიანობის დაწყებას მოუთმენლად ველი"

5 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

43 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც აქამდე თბილისის "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" ხელმძღვანელობდა, ყაზახეთის რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში დაბრუნებულ გუნდს ახალი სეზონიდან ჩაიბარებს.

ლევან კორღალიძეს, აღნიშნული ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ ვესაუბრეთ, რომელმაც თავის კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ, პირველი ინტერვიუ belive.ge-სთან ჩაწერა.

გილოცავთ კარიერის ახალ გამოწვევას. ქართველი მწვრთნელების უცხოეთში დანიშვნა მარტივი და ხშირი ამბავი ნამდვილად არ არის. თქვენს შემთხვევაში საქმე გაოფიციალურებამდე როგორ მივიდა?

"ჟენისის" მხრიდან ინტერესი ზაფხულში წამოვიდა. მაშინვე სურდათ ჩემი დანიშვნა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შედგა. იმ დროს გუნდი რანგით მეორე ლიგაში იყო, ახლა კი უკვე ყაზახეთის პრემიერ ლიგის წევრია.

ზოგადად, გეთანხმებით, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან მწვრთნელისთვის უცხოეთში წასვლა მარტივი საქმე არ არის. ამ შემთხვევაში კი, ორივე მხარისთვის ამ საქმეში დიდი წვლილი ჩემმა მეგობარმა და წარმატებულმა საფეხბურთო მენეჯერმა, მამუკა ლომიძემ შეიტანა.

მინდა, "ჟენისის" ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, პრეზიდენტს, დავით ლორიას. ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ და მოლაპარაკებების პროცესიც ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა. ჩემთვის ამ გუნდში მუშაობა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჟენისს" საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის დანიშვნაც სურდა. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

რამაზ სვანაძის შესახებ ინფორმაცია მეც წავიკითხე. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ, როცა ჩემთან მოლაპარაკების დროს, რამაზთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

შესაძლებელია, ეს ჩემთან დაკავშირებამდე მოხდა და სხვა კანდიდატებიც ჰყავდათ, თუმცა, მაშინ, როცა ჩემთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო, ასე აღარ ყოფილა. ამ დროს ჩვენ უკვე შეკრების დეტალებს ვათანხმებდით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვესაუბრებოდი და შესაბამისად, მომავლის დაგეგმვის პროცესში ვიყავით.

წელიწადზე მეტია, რაც "საბურთალო" დატოვეთ. ამ პერიოდში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის თქვენი სახელი და გვარი მოლდოვის ნაკრებს დაუკავშირეს. რატომ ვერ გიხილეთ მოლდოვის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელის რანგში?

მინდა ყველა იმ გუნდს მადლობა გადავუხადო, რომელთა მხრიდანაც ჩემი მისამართით გარკვეული ინტერესი არსებობდა. ასეთები იყო საქართველოდანაც და უცხოეთიდანაც. კონკრეტული სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ.

რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებს, ისინი ჩემს კანდიდატურას მხოლოდ განიხილავდნენ, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ისტორიულ, ტრადიციულ და ამბიციებისა და მაღალი მიზნების მქონე გუნდში ვიმუშავო. აქამდეც, ორივე გუნდი ასეთი გახლდათ - თბილისის "ლოკომოტივი" და "საბურთალო.

რაც შეეხება "ჟენისს", ეს დედაქალაქის, ასტანას გუნდია. სახალხო გუნდი თავისი ისტორიითა და ტრადიციებით. გასულ წლებში გარკვეული პრობლემები არსებობდა და ყაზახეთის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ახლა დაბრუნდნენ. გუნდს ახალი ეტაპი აქვს და მოუთმენლად ველოდები დროს, როცა საქმიანობას აქტიურად შევუდგები.

ამ პროექტის წარმატების მჯერა, საპირისპირო შემთხვევაში ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

როგორი გეგმით მიდიხართ "ჟენისში" და რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს? იქ ქართველი ფეხბურთელები ახლაც თამაშობენ და ადრეც უთამაშიათ. დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში და უნდა ველოდოთ თუ არა სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც?

წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რა რესურსი აქვს გუნდს, რადგან ახლა შესწავლის ფაზაში ვარ. მალე ანტალიაში შეკრებაზე გავეშურებით და უშუალოდ პროცესში გადავწყვეტთ, თუ რა სიახლეებია საჭირო. ფაქტი ერთია, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში უკვე ირიცხებიან, იმედი მაქვს ისინი დარჩებიან და ჩვენი თანამშრომლობა შედგება. ცხადია, იქნება კონკურენცია, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ, ზოგჯერ გამომდის, ზოგ შემთხვევაში კი არა, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად როგორც გუნდი, ისე ინდივიდუალურად მოთამაშეები უფრო უკეთესები გახდნენ. ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

ლევან კორღალიძე ყაზახეთის ჩემპიონატში იმუშავებს
ლევან კორღალიძე ყაზახეთის ჩემპიონატში იმუშავებს

სხვა სტატიები