Belive

ლაშა გუჯეჯიანი: "გუნდს ისევ დისციპლინა, შრომა, თავდადება და ბრძოლა უნდა მოვთხოვო"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ლაშა გუჯეჯიანის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ ლაშა გუჯეჯიანის ინტერვიუს უცვლელად.

"ცოტათი საფრთხისშემცველია მწვრთნელისთვის ასეთი გუნდის დაჭერა - ჩემი განცდებიდან ჰუმანურობა და კმაყოფილება უნდა მოვიშორო და გუნდს ისევ დისციპლინა, ისევ შრომა, თავდადება და ბრძოლა უნდა მოვთხოვო, რაც ძალიან მარტივია.

ძიუდოდან მწვრთნელის რანგში უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე ამას სპორტსმენობის დროს ვაკეთებდი. მე გუნდში მყავს ძალიან ტალანტური და პროფესიონალი ძიუდოისტები და მათთან მუშაობითა და ურთიერთობის ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას.

პარიზის ოლიმპიური თამაშებით არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, რასაც 2 ვერცხლის და 1 ოქროს მედალი ჰქვია - ქართველი ხალხი არ არის ამ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი, რადგან ჩვენ განსაკუთრებული ხასიათი გვაქვს და მაქსიმალისტები ვართ.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ოლიმპიადის პირველ დღე სარდალაშვილს უბრალოდ არ გაუმართლა, თორემ მინიმუმ მედალს აუცილებლად გააკეთებდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი და ვიცოდი, რომ ეს ზღაპარი ძალიან კარგად დამთავრდებოდა და ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა ოქრო.

რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, ის ჩემპიონი ასპარეზობდა პარიზში, თუმცა აქ არის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რაზეც შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ამ შემთხვევაში არ მსურს. ტატო იგივენაირი ჩემპიონია, იგივე მებრძოლი და ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას იზეიმებს.

რაც შეეხება ილია სულამანიძის ამ მარცხს, რომელიც ასე შემეხო მე - მან ყველაფერი გააკეთა ოლიმპიური ჩემპიონობისთვის და ეს მარცხი იყო ძალიან მტკინვეული გადასატანი ჩემთვის. ოქროს მედლის დარჩენა იყო ჩემთვის სტრესი და მომაკვდინებელი.

ამ შემთხვევაში გვიწევს ძალიან დიდი და ძალიან ფენომენალურ სპორტსმენზე საუბარი, რომელსაც ლაშა ბექაური ჰქვია - ის არის 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩვეულებრივი ჩემპიონი, ფენომენი და შემოქმედი. ჯერ 24 წლის არის და იგი უკვე არის მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა.

როდესაც ის პოდიუმზე ავიდა, მე ვუთხარი, რომ ლაშა, შენ უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, მაგრამ ლაშა მომიბრუნდა და მეუბნება, რომ თან ჯერ 23 წლის ვარო. ჯერ ტატამიდან არ არის გამოსული, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია და მას თავისი ასაკი ახსოვს, მე არამგონია ვინმეს თავისი ასაკი ახსოვრეს, როდესაც ის 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ხდება. ფიქრობს, რომ მას მინიმუმ მესამე ოლიმპიადის მოგება შეუძლია, რაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, მეც იმ ნაწილში გადავდივარ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგი დაიდოს და ქართველი გულშემატკივარი, ქართული ძიუდოს გულშემატკივარი არ გავაწბილოთ" - ლაშა გუჯეჯიანი

ძიუდოში, სპორტის ზოგიერთი სხვა სახეობისგან განსხვავებით, მთავარი მწვრთნელის როლი განუსაზღვრელია -  ამ შემთხვევაში, ლაშა გუჯეჯიანს უწევს, როგორც ინდივიდუალურად სპორტსმენის მომზადება, ასევე გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. თუ ვთანხმდებით, რომ სპორტსმენის ფიზიკურ და მენტალურ მზაობაში, მწვრთნელის პროფესიონალიზმსა და მიდგომებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ არ მოგვერიდოს და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ის ღირსეული პატივი მივაგოთ, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

სხვა სტატიები