Belive

ლაშა ბექაური Vs. ლუკა მაისურაძე – ყველაფერი, რაც ფინალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

11 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

11 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 90 კგ, ქალებიდან კი 70 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ – ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ იასპარეზეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართული ფინალი შედგება, სადაც ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდება. ამ ფინალით საქართველოს ნაკრების აქტივში კიდევ ერთი ოქროსა და ვერცხლის მედალი ჩაიწერება.


ლაშა ბექაურის გზა ფინალამდე

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკი მეტოქე დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8-ფინალში ბექაურმა ნემანია მაიდოვი დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც რუს მეტოქეს ძალიან მარტივად აჯობა.

ნახევარფინალში ბექაურის მეტოქე უძლიერესი იაპონელი - სანშირო მურაო იყო, რომელთანაც ქართველი ფალავანი ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა 1 წუთიან მონაკვეთში ლაშამ 2 ვაზარი შეასრულა და დაპირისპირებაში გაიმარჯვა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.


ლუკა მაისურაძის გზა ფინალამდე

ლუკა მაისურაძემ ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც უნგრელი მეტოქე ეფექტური გდებით დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

1/8-ფინალში მაისურაძეს თურქი მეტოქე ჰყავდა, რომელსაც საკმაოდ მარტივად აჯობა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონი - ნოელ ვან ტენდი დაამარცხა.

მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის რევანში აიღო და იტალიელ - კრისტიან პარლატს აჯობა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა.


ურთიერთშეხვედრები

ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ერთმანეთს კარიერაში 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და ძიუდოისტების ანგარიშზე თითო-თითო გამარჯვებაა.

აქედან ერთი, 2023 წლის თბილისის გრანდ სლემის ფინალი იყო, სადაც გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა.

ლუკა მაისურაძემ კი ლაშა ბექაური 2018 წლის სანქტ-პეტერბურგში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი დაპირისპირება 81-კგ წონით კატეგორიაში შედგა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები