Belive

"კვარას ოპტიმიზაციისთვის გარსია ტაქტიკურ ცვლილებებს აპირებს" - იტალიურ მედია ნაპოლის სიახლეებზე საუბრობს

1 კვირის წინ

იტალიურ მედიაში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციური ტაქტიკური ცვლილებების შესახებ საუბრობენ.

კონკრეტულად, napolipiu.com-ი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ნეაპოლური გუნდის ახალი სათამაშო სქემა 4-4-2 გახდეს და შესაბამისად, 22 წლის ქართველმაც განსხვავებული ფუნქციები შეითავსოს.

"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ოპტიმიზაციის მიზნით, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას ტაქტიკური ცვლილება აქვს გადაწყვეტილი.

"ჯენოასთან" მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" გადაწყვეტილი აქვს, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე არსებული შანსი გამოიყენოს.

ამის შესახებ ტელე-ეთერში ჟურნალისტმა ჯანლუკა ჯიფუნიმაც ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ რთულ პერიოდს, რომელსაც ახლა გუნდი გადის და აღნიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტს უეფას ჩემპიონთა ლიგა წარმოადგენს: "ახლა გუნდში პოზიტიური ასპექტის პოვნაც კი რთულია. ჩემი აზრით, "ნაპოლის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, მეც ასე ვფიქრობ მწვრთნელის მატჩისშემდგომი განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ რუდი გარსიას ჩანაფიქრია, რომ 4-4-2 სათამაშო სქემა შექმნას და ქართველი თავდამსხმელის უკან მოახვედროს. მისი ფეხბურთისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება და გამბედაობა დასაფასებელია, მაგრამ მწვრთნელმა ამ ყველაფრის პრაქტიკაში ასახვა ჯერჯერობით ვერ მოახერხა", - წერს napolipiu.com-ი.

"ნაპოლის" სერია A-ში 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პორტუგალიურ "ბრაგასთან" სტუმრად გამართავს. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, აქ მოქმედ გამარჯვებულს მომდევნო მატჩი 24 სექტემბერს, სტუმრად, "ბოლონიასთან" ელოდება.

სხვა სტატიები