Belive

კიდევ ერთი ქართველი გრაციდან - ლევან ელოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშებს

1 კვირის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ავსტრიის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების თამაში უცხო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ და 1990-იანი წლებიდან დღემდე აქ ბევრ ქართველს უთამაშია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ამჟამად, ავსტრიის ჩემპიონატის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში, ბუნდესლიგაში, ორი ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი და სანდრო ალთუნაშვილი თამაშობენ.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში უფრო დიდი ხანია თამაშობს. ის გრაცის "შტურმის" ფეხბურთელი 2018 წელს გახდა და ამჟამად გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ზედიზედ მეორედ ქვეყნის თასი მოიგო და "ზალცბურგის" 10-წლიანი ჰეგემონიის გადაფარვასა და "შტურმის" ისტორიაში მეოთხედ, ავსტრიის ჩემპიონობის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.

დიახ, კიტე მართლაც "შტურმის" ლიდერი და მთავარი ვარსკვლავია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გრაცში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ოღონდ არა "შტურმში", არამედ ავსტრიის ამ ულამაზესი ქალაქის სიდიდით მეორე საფეხბურთო გუნდ "გრაცერში" (რომელსაც "შტურმთან" ისტორიული დერბი აქვს). და ეს ლევან ელოშვილი გახლავთ.

ლევანი ავსტრიაში დიდი ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს და საკმაოდ რთული გზაც აქვს განვლილი. ჯერ კიდევ ლტოლვილთა ბანაკიდან სინჯებზე ბედის საცდელად მისული ფეხბურთელი რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ გუნდებში, "ანდერბროტში", "კინდბერგსა" და "კაპფენბერგში" მოხვდა, 2022 წელს კი სწორედ "გრაცერის" წევრი გახდა. პირველ სეზონში მან და მისმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ახლა კი ლევან ელოშვილის "გრაცერი" ავსტრიის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში აღმოჩნდა. მათ რანგით მეორე ლიგა ჩემპიონობით დააგვირგვინეს და იმ ერთადერთი გუნდის პატივი ერგოთ, რომელიც ახალი სეზონიდან ბუნდესლიგაში ითამაშებს.

SOCCER - GAK vs WAC, test match LEBRING,AUSTRIA,06.JUL.22 - SOCCER -  ADMIRAL Bundesliga, ADMIRAL

ავსტრიის 2003/04 წლების სეზონის ჩემპიონს უეფას ტურნირებზე მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს და 1981/82 წლების სეზონის, თასების მფლობელთა თასის პირველ რაუნდში, მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისთანაც" უთამაშია (2:0, 2:2 ქართული გუნდის სასარგებლოდ). "გრაცერი" 2007 წლის შემდეგ ავსტრიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგას ახლა (2017/18 წლების სეზონში გუნდი მეოთხე დივიზიონში თამაშობდა) დაუბრუნდა.

რაც შეეხება თავად ლევან ელოშვილს, 26 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 15 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორივე ტურნირზე თითო-თითო საგოლე პასია.

სხვა სტატიები