Belive

"კარგ განწყობაზე ვართ ბევრი ენერგიით" - სანდრო მამუკელაშვილი

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

დღეს საქართველოს ნაკრები, თბილისის დროით 21:00 საათზე ქალაქ ტრენტოში ამხანაგურ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგურია, გათამაშდება ტრენტოს თასი, რომელიც ტრადიციულია, სადაც ძირითადად 4 გუნდი მონაწილეობს, თუმცა ამჯერად ტრენტოში 2 ნაკრები შეიკრიბა.

მატჩამდე კომენტარი გააკეთეს ეროვნული ნაკრების წევრებმა გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა, ასევე გუნდის მწვრთნელებმა ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა:

ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ მზად ვართ იტალიის ძალიან ძლიერ ნაკრებთან სათამაშოდ, ეს კარგი გამოცდა იქნება, პირველი თამაშია, რომელსაც ჩავატარებთ და ვფიქრობ, რომ ლატვიის თამაშებისთვის კარგად მოვემზადებით. - გოგა ბითაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
ფაქტიურად მომზადების მეორე ფაზა დავამთავრეთ. რაც მთავარია გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, სასიხარულოა, რომ ყველა ჯამრთელადაა, მობილიზებული და გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს. პირველ რიგში ჩვენს პირველ ამხანაგურ თამაშზე ხაზს გავუსვამთ დაცვის და შეტევის ჩანახაზებს. შევეცდებით, რომ გუნდმა დინამიკა იპოვოს, როგორც შეტევის ასევე დაცვის თამაშში. - ანატოლი ბოისა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
ვემზადებით პირველი ამხანაგური თამაშისთვის იტალიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ძირითადი მიზანი იქნება უკვე გადავიტანოთ სათამაშო პროცესში ის ტაქტიკური მონახაზები რაც გვქონდა ამ მოსამზადებელ პერიოდში, რაზეც ვმუშაობდით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტრევიზოში კემპმა ძალიან კარგად ჩაიარა, გუნდი ერთადაა და ძალიან კარგი იქნება, რომ ამ თამაშზე მაქსიმალურად შევაფასოთ, თუ ვინ როგორ ფორმაშია, რა შეცდომებს დავუშვებთ, რას კარგად გავაკეთებთ და უკვე ვეცადოთ, რომ ხარვეზები გამოვასწოროთ. - მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
ტრენტოში ვართ, კარგ განწყობაზე ბევრი ენერგიით, ძალიან კარგი ვარჯიში ჩავატარეთ. წინ იტალიის ნაკრები გველის დარწმუნებული ვარ, რომ გამოვალთ მზად და ჩვენს მაქსიმუმს გამოვავლენთ. - სანდრო მამუკელაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი

ნაკრები ტრენტოში 14 კალათბურთელით იმყოფება: 
რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე.

დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის პირველია ამ მოსამზადებელ პერიოდში. ტრენოს თამაშებს ყველა ნაკრები მოსამზადებელი ეტაპისთვის იყენებს. ამჯერად, საქართველოც და იტალიაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტუნირისთვის ემზადებიან. საქართველო იტალიიდან ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, იტალია კი 25 ივნისს მადრიდში, ესპანეთთან რომ ითამაშებს, გეზს ამერიკისკენ აიღებს, სადაც 3 დღით მაიამიში დაბანაკდება და 29-ში პუერტო რიკოში ჩავა, სადაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები