Belive

"ის ადრე თუ გვიან რეალში უნდა გადავიდეს" - გერმანული მედია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანულმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა realtotal.de-მ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატიას მიუძღვნა.

გერმანულმა მედიამ იმის შესახებ ისაუბრა, რომ ქართველ ვარსკვლავს საკუთარი ბავშვობის საყვარელი გუნდის, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაში უწევს.

"იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" და მისი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალს" უნდა შეხვდეს. იმ გუნდს, რომელიც ხვიჩამ ბავშვობაში აირჩია, თეთრი მაისურიც იყიდა და ზედ 14 ნომერი დაწერა. დაახლოებით 15 წლის შემდეგ, მან საყვარელი მაისური თავად კუმირისგან, გუტისგან მიიღო.​

"ფეხბურთი გუტის გამო მიყვარს. ბავშვობაში გუტის მაისური საქართველოში არ იყიდებოდა. თეთრი მაისური ვიყიდე და კალმით უკან 14 ნომერი დავაწერე", - თქვა კვარაცხელიამ.

მადრიდის "რეალი" ოცნების ახდენის გუნდია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა იქ არ თამაშობ და მოწინააღმდეგის როლში ხარ. "რეალის" წინააღმდეგ თამაში კარიერის დიდებული მომენტია, რომლის შესაძლებლობაც არაერთ პროფესიონალს არ ეძლევა.

"ნაპოლის" ვარსკვლავს ღიად "რეალის" გულშემატკივრობა არ უღიარებია, მაგრამ განაცხადა, რომ გუტის გამო ფეხბურთის თამაში დაიწყო.

თავად გუტიმ ეს ამბავი მიმდინარე წლის მარტში, ესპანური ტელევიზიის El Chiringuito-ის ეთერში შეიტყო, რეპორტიორის შუამავლობით კვარას თავისი მაისური გაუგზავნა და გადასცა: "მადლობა, რომ ჩემი ფეხბურთი შეიყვარე, შენს თამაშს კი ახლა ბევრი ბავშვი შეიყვარებს. იმედი მაქვს მოგეწონება მაისური და შენი ოცნებები ახდება. გელოდები მადრიდის "რეალში", იმედი მაქვს მალე გნახავ".

ახალგაზრდა, რომელიც "ნაპოლიში" 2022 წლის ზაფხულის შემდეგ შესანიშნავი სტატისტიკით თამაშობს, ადრე თუ გვიან მადრიდის "რეალში" უნდა გადავიდეს. კვარაცხელია "სანტიაგო ბერნაბეუზე" 29 ნოემბერს ითამაშებს - შეხვდებიან თუ არა ის და გუტი ერთმანეთს?", - წერს realtotal.de-ი.

"ნაპოლი" "რეალს" 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები