Belive

ილია თოფურიას მომავალი მეტოქე დაუმარცხებელი ამერიკელი იქნება

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დიდი ალბათობით, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიას მეტოქე ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება.

ამერიკელი მებრძოლი თავდაპირველად მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ინგუში დაპირისპირებას ტრავმის გამო ჩაეხსნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტჩელის მეტოქე დაუმარცხებელი "ელ მატადორი" ილია თოფურია იქნება.

თოფურია ამერიკელს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს იწვევდა.

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ორივე მებრძოლი საკმაოდ გააქტიურდა და ერთმანეთის მიმართ გამომწვევ პოსტებსაც ავრცელებენ.

ბრაისმა მალევე უპასუხა ქართველს და თქვა, რომ ჩხუბზე თანახმა არის.

ჯერ ოფიციალურად არ არის დაზუსტებული, მაგრამ ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელში გვაფიქრებინებს, რომ ბრძოლა უკვე შეთანხმებულია.

ორივენი ამ დრომდე დაუმარცხებლები არიან და კარიერაში წინსვლას განაგრძობენ. ბრაისმა მისი ბოლო ბრძოლა სახელოვანი ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ ჩაატარა და გამარჯვებულიც გამოვიდა. რაც შეეხება ილიას, მან ბოლო ბრძოლა 19 მარტს, ჯაი ჰერბერტის  წინააღმდეგ ჩაატარა და ნოკაუტით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მიტჩელი ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელია და კარიერაში ჩატარებული 15 ბრძოლიდან 9 დანებებით მოიგო. შეგახსენებთ, რომ ილიას პირველი შეხება სპორტთან ბერძნულ-რომაული ჭიდაობა იყო. ესპანეთში გადასვლის შემდეგ კი, თოფურიამ ჯიუ-ჯიცუს შესწავლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ქართველისთვის ბრაის მიტჩელი უხერხული მეტოქე არ უნდა გამოდგეს.

სხვა სტატიები