Belive

იამალი თბილისში არ ჩამოვა: ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გამოაკლდა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების პირისპირ, ესპანეთს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ლამინე იამალი ვერ დაეხმარება. 18 წლის სუპერვარსკვლავი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას გამოაკლდა.

გასული თვეების განმავლობაში, ესპანელი ვუნდერკინდის დატვირთვის გამო, ბარსელონასა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას, კონკრეტულად კი მთავარ მწვრთნელებს, შესაბამისად, ჰანსი ფლიკსა და ლუის დე ლა ფუენტეს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობს.

"გაკვირვებულები ვართ, რომ ფეხბურთელმა ნაკრების სამედიცინო გუნდთან შეთანხმების გარეშე გარკვეული პროცედურა ჩაიტარა. დეტალების შესახებ ესპანეთის ნაკრების სტაფმა მხოლოდ 10 ნოემბერს, გვიან საღამოს შეიტყო.

მოთამაშის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სპორტსმენი მიმდინარე გამოძახებიდან გაათავისუფლოს", - წერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლამინე იამალის შესახებ.

ესპანეთის ნაკრებში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ლამინე იამალის შემცვლელად რაიო ვალეკანოს 28 წლის შემტევი ნახევარმცველი, ხორხე დე ფრუტოსი გამოიძახა.

ლამინე იამალმა ნაკრებში სადებიუტო გოლი 2023 წლის 8 სექტემბერს, სწორედ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოსთან (7:1) მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები