გვჯერა | გურამ კაშიას პორტრეტი
2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.
ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.
ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენი კაპიტანი, გურამ კაშია იქნება, რომელიც ბრწყინვალე კარიერისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაშით გვირგვინის დასადგმელად ემზადება.
სახელი და გვარი: გურამ კაშია
ასაკი: 36
სიმაღლე: 1.85 სმ
წონა: 78 კგ
კარიერა: "დინამო თბილისი" - არნემის „ვიტესი“ (ნიდერლანდები), „სან ხოსე ერთქიქსი“ (ამერიკის შეერთებული შტატები), თბილისის „ლოკომოტივი“, ბრატისლავის „სლოვანი“ (სლოვაკეთი). მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 110 (რეკორდი)
მატჩი ნაკრებში: 110
გოლი: 3
საგოლე პასი: 1
„ჰაიბერი“ და „დინამო“
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ გურამ კაშიას აქვს ჩატარებული. გურამ კაშია პირველ ნაბიჯებს თანატოლებთან ერთად, მათ მიერ შერქმეული სახელის მქონე მინი-მოედანზე, ლონდონის „არსენალის“ ძველი სტადიონის, „ჰაიბერის“ თბილისურ მოდელზე დგამდა.
„დინამოსთან“ სიახლოვე იმაშიც გამოიხატა, რომ პირველი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდი, რომლის მაისურიც აწ უკვე ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ადრეულ ასაკში მოირგო, სწორედ საქართველოს 19-გზის ჩემპიონი გახლდათ.
ფეხბურთელი ძმის გზას გურამიც მალევე დაადგა და მის მსგავსად „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდშიც მალე ჩაირიცხა. კახა კაჭარავას „დინამოში“ ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, გუნდში გატარებული რამდენიმეწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ, ევროპულმა შემოთავაზებამაც არ დააყოვნა და 2010 წლის ზაფხულში გურამ კაშია ნიდერლანდების ერთ პატარა, წყნარ ქალაქ, არნემში აღმოჩნდა.
თბილისიდან არნემში, ისტორიის დასაწერად
„ვიტესი“ ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ძველი გუნდია, რომელიც 131 წლის წინ, 1892 წლის 14 მაისს დაარსდა. მოკლედ, გუნდს ზურგს თითქმის საუკუნენახევრიანი ისტორია უმაგრებს, მაგრამ არნემელ ქომაგს წარმატებული სეზონები თითზე ჩამოსათვლელად აქვს. 1990-იან წლებამდე გუნდი მოგზაურობის აქტიური მოყვარული გახლდათ და ლიგებს შორის ადგილსაც ხშირად იცვლიდა.
„ვიტესისთვის“ ზარალის მიმყენებელი მეორე მსოფლიო ომიც აღმოჩნდა, რომელმაც გუნდის ინფრასტრუქტურა შეიწირა და მომავალში მესვეურებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ.
1989/90 წლების სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა. მაშინ, გუნდი ერედივიზიონში დაბრუნდა და მას მერე ნიდერლანდების ელიტარული საფეხბურთო ლიგის მუდმივი წევრი გახდა.
გუნდის აღმავლობის პერიოდი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც. სწორედ იმ დროს, „ვიტესში“ სამი ქართველი გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმოჩნდნენ, მათგან პირველი სწორედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რომელიც დღეს ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა და გულშემატკივრების საკულტო ფიგურა გახლავთ.
ახალ, ცხოვრებისეულ თუ საფეხბურთო გარემოსთან, მენტალიტეტთან თუ ენობრივ ბარიერთან ადაპტირების შემდეგ, გურამ კაშია ამ გუნდის ჯერ ძირითადი შემადგენლობის წევრი, შემდეგ კი ლიდერი მალევე გახდა.
გურამ კაშიას არნემული კარიერა 293 ჩატარებულ მატჩს, 24 გატანილ გოლს, 18 საგოლე პასს და ათასობით დაუვიწყარ მოგონებას ინახავს, თუმცა აქ მხოლოდ გამორჩეულებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
GU RAM KA SHIA, GU RAM KASHIA!!!
გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გურამ კაშია პირველად მაშინ გახდა, როცა 13-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, მან ლიდერული უნარ-ჩვევები ყველაზე ნათლად გამოაჩინა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ზედიზედ 8 შეხვედრა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა, გადამწყვეტი მატჩში კი მის მიერ გატანილი გოლით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
კიდევ ერთი მატჩი, რომელმაც არნემელი გულშემატკივრის სიყვარული კაშიას მისამართით უფრო მეტად გააძლიერა, „საჰაერო-სადესანტო მატჩის“ 2015/16 წლების სეზონის გათამაშება გახლდათ. უფრო კონკრეტულად, ეს ყოველწლიური მატჩია, რომელიც სექტემბერში იმართება და რომელსაც „არნემი“ მასპინძლობს. აქ „ვიტესი“ ადგილობრივ ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, პატივს მიაგებს და იმ ფერის სამოსში გამოეწყობა, რომლითაც თავად იმოსებოდნენ. მატჩს სამხედრო ორკესტრი ხსნის, შეხვედრას კი არმიული სიმბოლიკის არაერთი დეტალი ახლავს თან.
ჰოდა, 2015 წელს, მეექვსე ტურში, „ვიტესი“ ამ მატჩის სტატუსით და თანაც ერედივიზიონის მეექვსე ტურში „დე გრაფსხააპს“ ხვდებოდა. შეხვედრაში მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს, ანგარიში მე-6 წუთზე გურამ კაშიამ გახსნა, მერე კი ტრიბუნაზე ავიდა და ომის ვეტერანს სამხედრო სალამი უძღვნა, კაპიტნის სამკლაური და მაისური გადასცა და ნიდერლანდური ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული მოგონება დატოვა. სხვათაშორის, რამდენიმე თვის წინ, არნემის ქუჩებში ამ ფაქტის ამსახველი ბანერიც გადმოფინეს. ცნობისთვის, იმ შეხვედრაში მეორე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა, 21-ე წუთზე გაიტანა.


მეფედ კურთხევა
როგორც აღვნიშნეთ, „ვიტესის“ ქომაგი განსაკუთრებული წარმატებით ათწლეულების განმავლობაში ვერ დაიკვეხნიდა, თუ არ ჩავთვლით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ხუთჯერ ერედივიზიონის ვერცხლის მედლების მოპოვებას, ტიტულზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ოღონდ 2017 წლამდე...
ნათელი იყო, რომ კარიერა და წლები, რომელიც გურამ კაშიამ „ვიტესში“ გაატარა, უგვირგვინოდ დასრულებას არ იმსახურებდა. დრო იყო, ქალაქს და ქომაგს თავისი კაპიტნისთვის და პირიქით, ხელშესახები საჩუქარი მიერთმიათ და ეს დროც დადგა.
2016/17 წლების სეზონის ნიდერლანდების თასის გათამაშება შთამბეჭდავი გამოვიდა, „ვიტესმა“ ფინალისკენ მიმავალ გზაზე, პირველ რაუნდში ქვედა ლიგის წარმომადგენელი გუნდი, „დე დიიკი“, შემდეგ „ვალვაიკი“ და მესამე ეტაპზე „იოდან ბოისი“ ჩამოიტოვა. მოვიდა მეოთხედფინალის დრო და აქ ნიდერლანდების ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, როტერდამის „ფეიენოორდი“ აღიმართა, „ვიტესმა“ ამ მეტოქის ბარიერიც წარმატებით დაძლია - 2:0 მოგებულ შეხვერდაში გამარჯვების გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. ნახევარფინალში ამავე ქალაქის კიდევ ერთი წარმომადგენელი „სპარტა“ გამოჩნდა და ნიდერლანდების ორი ყველაზე ძველი გუნდის დუელში ისევ არნემელებმა იმარჯვეს. ფინალში „ვიტესმა“ შოთა არველაძის ყოფილი გუნდი „აზ ალკმაარი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტიტული, ნიდერლანდების თასი მოიპოვა. ბონუსად, „ვიტესს“ ევროპა ლიგის საგზური, გურამ კაშიას კი ქომაგის, მედიის და მთლიანად ქალაქ არნემის საერთო აღიარება და სიყვარული ერგო.
![ლეგიონის უქმეები] ტიტული, რომელმაც გურამ კაშია "ვიტესის" ლეგენდად აქცია [VIDEO]](https://sportall.ge/images/new_photo/01/2017/UCXOURI/1-15-MAY/000-guram-kashia-2017-09123.jpg)

ერთ წარმატებულ სეზონს მეორე მოჰყვა. 2017/18 წლების სეზონის გათამაშებაში „ვიტესმა“ ცხრილის ზედა ნაწილში მოხვედრა და ევროპა ლიგის პლეი-ოფის მოგება შეძლო და გუნდი კიდევ ერთხელ გავიდა ევროპულ ტურნირზე. გურამ კაშია „ვიტესიდან“ მაშინ წავიდა, როცა გუნდი ისტორიულ წარმატებას აზიარა და ელიტაში თავაწეული დატოვა, თავად კი ამერიკის კონტინენტს მიაშურა.
შეხვედრამდე!
მინდოდა, აქ იმ დღის პერიპეტიებზე მესაუბრა, როცა გურამ კაშია არნემში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ ქომაგებს მასთან შეხვედრისა და გუნდიდან ოფიციალურად გაცილების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჰქონოდათ. თუმცა, მგონი ჯობია, ამ ვიდეოს უყუროთ და თავად ნახოთ, რას ნიშნავს არნემისთვის გურამ კაშია და გურამ კაშიასთვის არნემი.
ერთხელ ამერიკაში
MLS-ში, კვლავ მოედანზე და მის მიღმა ერთ-ერთ გამორჩეულ პარტნიორთან დაბრუნება გურამ კაშიას კარიერაში შემდეგი ნაბიჯი აღმოჩნდა. ის და ვაკო ყაზაიშვილი კალიფორნიის შტატში, „სან ხოსე ირთქიქსის“ რიგებში გადაბარგდნენ, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საერთო ჯამში 3 წელიწადი გაატარა, მათ შორის კოვიდ-პანდემიის პირობებში. იქ გუნდს განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ თავად, როგორც ეს მის კარიერაში ყველგან და ყოველთვის ხდება, სტაბილურად კარგად ითამაშა, თანაც მსოფლიოს არაერთი ვარსკლავის, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირისპირ. გურამ კაშიამ „სან ხოსეს“ მაისურით 44 შეხვედრაში ითამაშა, შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდა.
ამბავი ქართველი რემუსისა და რომულუსისა

როგორ უყვარს ვლადიმირ ვაისს საქართველო, ქართველი ფეხბურთელები და საქართველოს ნაკრები, თუ ამაში ვინმეს ჯერ ისევ ეჭვი ეპარება, შეუძლია, მის ყველა პრესკონფერენციას თუ ინტერვიუს გადახედოს ან „დინამო ბათუმთან“ ბრატისლავის „სლოვანის“ შეხვედრის დროს მისი აცრემლიანებული თვალების კადრებს გაეცნოს.
მოკლედ, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ბრატისლავის „სლოვანის“ თავკაცი გახდა და იქ საქართველოს ნაკრებში საერთო ჯამში 200-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ორ ფეხბურთელს, პროფესიონალიზმის ორ სიმბოლოს, ეროვნული გუნდის ყოფილ და მოქმედ კაპიტნებს, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას უხმო.
აგერ უკვე მესამე სეზონია, ქართველები „სლოვანის“ ფეხბურთელები არიან და ქვეყნის ჩემპიონის ორი ტიტული, ასევე, თასის ფინალისტისთვის განკუთვნილი ორი ვერცხლის მედალი აქვთ მოპოვებული და ევროტურნირებზე, თანაც პლეი-ოფის ეტაპზე რეგულარულად თამაშობენ.
როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ქართველ ფებხურთელებსა და მწვრთნელებს შორის ბრწყინვალე დამოკიდებულება არსებობს, საქმეც მშვენივრად მიდის და იმის ფონზე, რომ ამ ორი მოთამაშისთვის ასაკი უბრალოდ ციფრია, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კარგი სლოვაკური ამბავი, არავინ იცის.

კაპიტანი საქართველო!
ჰიმნის პირველი ადამიანი, ვისაც ვხედავთ, გურამ კაშიაა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. სუბიექტურად, მიმაჩნია, რომ ძნელია იპოვნო რაიმე უფრო საპასუხისმგებლო სამსახური, ვიდრე შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნობაა. თუნდაც ერთ მატჩში. და იცით ეს გურამ კაშიამ რამდენჯერ გააკეთა? 32-ჯერ. მთლიანობაში კი ეროვნული გუნდის სამოსში 110-ჯერ გამოეწყო.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სულ მცირე 100-ჯერ უთამაშია: ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი და გურამ კაშია.
რამდენი იყო ამ 100 შეხვედრიდან წარმატებული? რამდენი წარუმატებელი? რამდენი გამარჯვება და მარცხი? რამდენი ოფლის, სისხლის და ცრემლის წვეთი დაიღვარა? რამდენი თანაგუნდელი და მწვრთნელი? რამდენი რამ დარჩა რასაც სტატისტიკით ვერ გამოსახავ, ვერც დაწერ და ვერც იტყვი, მაგრამ გულსა და გონებაში ყოველთვის რჩება? და ყველაზე მთავარი, რამდენი ქომაგი თუ ქომაგთა თაობა, რომელიც გინახავს და ახლა შენგან დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ელოდება.
იმ შთამბეჭდავი კარიერისთვის, იმ ღირსეული ცხოვრებისათვის, იმ პიროვნებისა და სპორტსმენისთვის, როგორიც გურამ კაშიაა, ვფიქრობ დამსახურებული და იდეალური გვირგვინი, რომელსაც თავზე ფეხბურთელის რანგში მოღვაწეობის დასკვნით ფაზაში დაიდგამს, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ამას თავად გურამიც ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს.
„ჩემთვის ნაკრებში თამაში არის ზეიმი, ბედნიერება. პირველ მცდელობაზე ფინალში დავმარცხდით და თითქოს ყველაფერი ჩამოგვენგრა, მაგრამ ფეხზე წამოვდექით და შანსი ისევ შევიქმენით. დიდ გამარჯვებასთან ახლოს მივედით. მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და მე იმ გუნდის კაპიტანი ვიყო. ეს ჩემი საფეხბურთო ისტორიის ყველაზე ტკბილი დასასრული იქნება!“,