Belive

გიზი მამაგეიშვილი: "ოთარ კიტეიშვილი ყოველდღე ზრუნავს, რომ გუნდთან სწრაფად ვადაპტირდე"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

15 იანვარს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, ოთო და გიზი მამაგეიშვილებს 23 წელი შეუსრულდათ. გრაცის შტურმის ვებგვერდმა გუნდის ქართველ ახალწვეულთან საიუბილეოდ, ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც გიზი მამაგეიშვილი კარიერის ახალ ეტაპზე საუბრობს.

"გუნდის ნამდვილ ნაწილად თავი მალევე ვიგრძენი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველამ ღიად და თბილად მიმიღო, რამაც ადაპტაცია წარმოუდგენლად გამიადვილა. ეს შტურმში ჩემი სადებიუტო დაბადების დღეა და იმედი მაქვს, რომ წელიწადი განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება.

წინასასეზონო შეკრება ყოველთვის ძალიან ინტენსიურია, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ჩემთვის ახალ გუნდთან ადაპტაციაც მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ. შევძელი გუნდის დინამიკის, მენტალიტეტის და საერთო მიზნების უკეთ გაცნობა: ეს ძალიან ღირებული და პროდუქტიული გამოდგა.

მე ძალიან შრომისმოყვარე მოთამაშე ვარ, რომელიც დიდი გულით თამაშობს და ცდილობს მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად კარგად შეასრულოს. ყოველთვის არის გაუმჯობესების ადგილი და ზუსტად ამაზე ვმუშაობ ყოველდღე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო საკუთარი თავი.

ოთარ კიტეიშვილი არამხოლოდ შესანიშნავი მოთამაშე, არამედ ძალიან კარგი ადამიანიც არის. მისი მხარდაჭერა დამეხმარა გუნდთან კიდევ უფრო სწრაფად ინტეგრირებაში. ის ყოველთვის ზრუნავს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და სრულად შევძლო ფეხბურთზე კონცენტრირება. მისი ლიდერული თვისებები უკვე აშკარა ჩანდა გარედან, ახლა კი, როცა მისი თანაგუნდელი ვარ, ამ ყველაფერს კიდევ უფრო ნათლად ვგრძნობ.

ცრვენა ზვეზდასთან ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მატჩს დავესწარი და წარმოუდგენელი ატმოსფერო ვნახე. მას შემდეგ მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას და გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვების აღნიშვნას.

რა თქმა უნდა, გვსურს ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. მიყვარს მაღალი მიზნების დასახვა და მტკიცედ მჯერა, რომ ისინი რეალისტურია ამ გუნდთან ერთად", - ამბობს გიზი მამაგეიშვილი.

გრაცის შტურმი სეზონს 22 იანვარს, ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში, როტერდამის ფეიენოორდთან სტუმრად ჩასატარებელი მატჩით განაახლებს.

სხვა სტატიები