Belive

"გიორგი სწრაფი და ინტენსიური მცველია" - ჰამბურგის სპორტული დირექტორი

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ოფიციალურად, გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ფეხბურთელია. 24 წლის ქართველი მცველი გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის გუნდს 1-წლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) დონეცკის შახტარიდან შეუერთდა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, დღეს კი ჰამბურგმა ის ოფიციალურად წარადგინა და ახალ გუნდში 16 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე გუნდის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს:

გიორგის სახით, ჩვენ ვიღებთ მოთამაშეს გამორჩეული ხასიათითა და მაღალი მენტალიტეტით. ის ცნობილია, როგორც ნამდვილი გუნდური მოთამაშე შესანიშნავი შრომისმოყვარეობით. ყველა ამ თვისებით, ის დიდი აქტივი იქნება არა მხოლოდ ჩვენი დაცვისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის, როგორც სპორტული, ასევე პირადი თვალსაზრისით. - სტეფან კუნცი - ჰამბურგის საბჭოს წევრი
გიორგი სწრაფი და ინტენსიური მცველია. ის გამოირჩევა მაღალი დონის თავდაცვითი მზადყოფნით და კარგი აგრესიით. გარდა ამისა, მას აქვს შესანიშნავი უნარები, რომ გარდაიქმნას და შეუძლია მუდმივად დატოვოს კვალი შეტევაში. თავისი თვისებებით, გიორგი ძალიან კარგად ერგება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. - კლაუს კოშტა - ჰამბურგის სპორტული დირექტორი

გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან გიორგი გოჩოლეიშვილმაც ისაუბრა:

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჰამბურგს შევუერთდი, მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას და ჩემს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ჯერ კიდევ როდესაც დონეცკის შახტარში ვირიცხებოდი, ამ სტადიონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებდა, ახლა კი როგორც ჰამბურგის მოთამაშემ, მინდა მეტი შესანიშნავი გამოცდილება მივიღო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. - გიორგი გოჩოლეიშვილი

ქართველი ფეხბურთელი დღეს, ესპანეთში გასამართ საწვრთნელ ბანაკში გაემზავრა, სადაც ახალ თანაგუნდელებს შეხვდება.

ჰამბურგს სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 1 მატჩი აქვს დარჩენილი, ისინი 9 აგვისტოს მალიორკას შეხვდებიან. ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი ქართველის გუნდი 16 აგვისტოს, გერმანიის თასის 1/32 ფინალის ეგიდით ჩაატარებს, მათი მეტოქე პირმასენსი იქნება.

ბუნდესლიგის სეზონი კი ჰამბურგისთვის 24 აგვისტოს დაიწყება, პირველ ტურში ისინი მიუნხენგლადბახს შეხვდებიან.

სხვა სტატიები