Belive

გიორგი მოისწრაფიშვილი სლოვაკეთის ტიტულოვან გუნდში ითამაშებს

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ნახევარმცველი, გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ფოთის კოლხეთი 1913-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სპარტაკ ტრნავაში ითამაშებს.

ტრნავა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასთან 57 კმ-თი დაშორებული ქალაქია და სპარტაკისა და სლოვანის მატჩები მთავარი, ტრადიციული სლოვაკური დერბის სახელს ატარებს.

ჩეხოსლოვაკიის გაერთიანებული ჩემპიონატი სპარტაკ ტრნავას ხუთჯერ აქვს მოგებული, ასევე ამ ქვეყნის თასი, დამოუკიდებლობის შემდეგ კი ოქროს მედლებს 2018 წელს, ვახტანგ ჭანტურშვილთან ერთად დაეუფლა. 9-ჯერ, მათ შორის უახლოეს გათამაშებაში გამარჯვებით, ბრატისლავის სლოვანის შემდეგ ტრნავა სლოვაკეთის თასის მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მათ ყულაბაში სლოვაკეთის 1998 წლის სუპერ თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგის (იმ დროს თასის) 1969 წლის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილებაა. მთავარ ევროპულ ტურნირზე მათ 1973 და 1974 წლებში მეოთხედფინალში თამაშიც მოახერხეს.

სპარტაკ ტრნავა გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ქვეყნის თასი მოიგო და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც შვედურ ჰაკენს შეხვდება.

სპარტაკ ტრნავაში ვახტანგ ჭანტურიშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატი, ხოლო დავით სხირტლაძემ ამ ქვეყნის თასი მოიგო, მათ შემდეგ, გიორგი მოისწრაფიშვილი ამ გუნდში მესამე ქართველი ლეგიონერი იქნება.

გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და თელავის, ბელგიური ბევერენის, უკრაინული კოლოს კოვალივკას და ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მას 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები