გიორგი მერებაშვილი: "ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს, ამ გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლა ყველასთან შეუძლია"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს აჯობა (2:1) და ლიდერის პოზიცია მოიპოვა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოცდილ ფეხბურთელს, გიორგი მერებაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც უკვე 9 წელია პოლონეთში ცხოვრობს, თამაშობს და სამწვრთნელო კარიერაში საწყის ნაბიჯებსაც წარმატებულად დგამს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ადამ მაიევსკი, პლოცკის ვისლაში ქართველი ფეხბურთელის სადებიუტო სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში მუშაობდა.
"პოლონეთს ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. ვხვდებოდი, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი მეტოქესთან შედარებით უპირატესობის მოპოვებას შეძლებდა, მაგრამ ფიზიკურ კომპონენტში საკმაოდ რთული ბრძოლა ელოდა. ბიჭებმა მოახერხეს და მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.
ყოველთვის, განსაკუთრებით კი ასეთ დიდ ტურნირებზე, საწყისი მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამორჩეულია. ამიტომ, ძალიან კარგი ამბავია, რომ ჩვენმა ბიჭებმა პოლონეთთან მატჩი მოიგეს და შემდეგ შეხვედრებში მათ ეს ფსიქოლოგიურად, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში ძალიან გამოადგებათ.
ყველა დამეთანხმება, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები უფრო ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე პოლონეთი. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევებია, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის თამაში შეუძლიათ.
ვულოცავ მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები გველოდება. ბიჭებს ჯანმრთელობას და მზადყოფნას ვუსურვებ, იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად გავიხარებთ", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.
საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთს (14 ივნისი, ჟილინა) და პორტუგალიას (17 ივნისი, ტრენჩინი) შეხვდება.