Belive

"ღვინო, მთები და ფეხბურთი: საქართველოს აღმავლობის ამბავი" - ევროპულ მედიაში ქართული ფეხბურთის შესახებ საუბრობენ

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული მედია საშუალება breakingthelines საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის აღმავლობის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში, რომლის სათაურიც ასეთია: "ფეხბურთი, ღვინო და მთები: საქართველოს არაჩვეულებრივი აღმავლობის ამბავი", საუბარი ქვეყანაში გასულ წლებში ფეხბურთის განვითარების შესახებაა.

"შესაძლოა, ქართული ფეხბურთი მსოფლიო ასპარეზზე ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, მაგრამ ისეთი ფეხბურთელების გამოჩენამ, როგორებიც არიან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო და შუქი მოჰფინა სამხრეთ კავკასიაში მომწიფებულ ნიჭს.

ქართული ღვინოებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ფეხბურთი ხშირად ნაკლებად ფასდება ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. გაბატონებულია აღქმა, რომ რეგიონში ფეხბურთის თამაშის ხარისხის ნაკლებობაა, რაც იწვევს ლიგის განვითარების სტაგნაციას და შემდგომში მის შეზღუდულ გაშუქებას საერთაშორისო წყაროებში.

ზემოაღნიშნული მოთამაშეების გამოჩენამ, რომლებიც მაღალ დონეზე გამოჩნდნენ და თავი ევროპულ ფეხბურთში დაიმკვიდრეს, ფაქტობრივად უარყო ყოველგვარი მტკიცება ლიგაში შესამჩნევი ხარისხის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამჟამინდელი დაუფასებლობისა, საქართველოს საფეხბურთო ისტორია მნიშვნელოვანი ტრიუმფებით გამოირჩევა. ქართული გუნდი, ძლევამოსილი "დინამო თბილისი", ოდესღაც საბჭოთა ფეხბურთის გამორჩეულ ძალას წარმოადგენდა და ძლიერად იბრძოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში.

აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისმა" უეფას თასების მფლობელთა თასი 1981 წელს მოიპოვა, რაც, სავარაუდოდ, დღემდე ყველაზე მონუმენტური მიღწევაა ქართულ ფეხბურთში. დღემდე ის რჩება ერთადერთ ქართულ კლუბად, რომელმაც ევროტურნირების ტიტული მოიპოვა. დამოუკიდებლობის შემდეგ, ქართულ ფეხბურთს შეექმნა მკვეთრი ვარდნა, რასაც მოჰყვა რეგრესი და შემდგომ სტაგნაცია.

შოთა არველაძის, გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და თემური ქეცბაიას მსგავსი ნიჭიერი ფეხბურთელების ყოლის მიუხედავად, საქართველოს არასოდეს მოუპოვებია მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. თუმცა, ქართულმა ფეხბურთმა ცოტა ხნის წინ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება, როდესაც "ჯვაროსნებმა" დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად, დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

2020 წელს, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც ნაკრებში ახლაც თამაშობს, საკუთარი პოტენციალის რეალიზების შანსი მიეცა, მაგრამ მათ უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგეს, რის გამოც ერი გაურკვევლობაში დარჩა. მიუხედავად ამისა, კოსოვოს წინააღმდეგ ტრიუმფი გარდამტეხი მომენტი იყო და მას შემდეგ, მათ დაიწყეს თერთმეტმატჩიანი წაუგებელი სერია და უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მოგება მოახერხეს.

შიდა ლიგამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, გადავიდა ათგუნდიან ფორმატზე, რითაც გააძლიერა კონკურენცია გუნდებს შორის საფეხბურთო თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ლიგის სტანდარტი შესამჩნევად შემცირდა, ამის მიზეზი გამორჩეული ფეხბურთელების უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში გადინებაა. COVID-ის პანდემიით გამწვავებულმა ფინანსურმა შეზღუდვებმა ხელი შეუშალა ხარისხიანი ტრანსფერების განხორციელებას.

არსებობს ახალგაზრდა ნიჭის უწყვეტი ნაკადი, რომელიც ელოდება აღმოჩენას, მათი უმეტესობა აღზრდილია დედაქალაქური "დინამო თბილისის" აკადემიაში. აკადემიას აქვს დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელების მუდმივად აღზრდის გამოცდილება, როგორებიც არიან ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა.

არსებობს იმის ოპტიმიზმიც, რომ ქვეყანა ახალ ხვიჩა კვარაცხელიას აღზრდის, უბრალოდ მისი თამაშის კალიბრიდან გამომდინარე, რასაც ის სერია A-ში აჩვენებს, ამის გაკეთებისთვის კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდაც. 2015 წლიდან 2021 წლამდე მათი რიცხვი გაორმაგდა და 15000-დან 380000-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, UEFA-ს დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ინფრასტრუქტურის განვითარების, მოძველებული სტადიონების განახლების და ქვეყნის მასშტაბით მრავალი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების კუთხით, რითაც უზრუნველყო ოპტიმალური პირობები ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის.

გასული ათწლეულის ამ მეთოდური და სტრატეგიული ძალისხმევის კულმინაციაა ქართული სანაკრებო ფეხბურთის წარმატება: ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება. გერმანიაში გასამართი ტურნირის, სადაც გუნდი F ჯგუფში, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ქართული ფეხბურთის მომავალი უდავოდ პოზიტიურად გამოიყურება", - წერს breakingthelines.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი ტურის მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთთან გამართავს.

სხვა სტატიები