Belive

გასაოცარი შედეგი | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში სამუდამოდ შევიდა

3 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მასპინძელი აზერბაიჯანელი - ზელიმ ცკაევი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა.

2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ქართველმა ზედიზედ ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ფინალში გასვლა (4 ოქრო და 2 ვერცხლი). ამ შედეგით იგი ისეთ ლეგენდებს გაუტოლდა, როგორებიც რიოკო ტანი და ინგრიდ ბერგმანსი არიან, ხოლო მასზე გრძელი სერია ძიუდოს ისტორიაში მხოლოდ ორ სპორტსმენს აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატების 70-წლიან ისტორიაში ზედიზედ 6 ან მეტ ფინალში გასვლა მხოლოდ ხუთმა ძიუდოისტმა შეძლო. აბსოლუტური რეკორდი ტედი რინერს ეკუთვნის, რომელმაც 2007-დან 2017 წლამდე ზედიზედ 8 ფინალი იჭიდავა და რვავეში ოქრო მოიპოვა. მეორე ადგილზეა კლარის აგბენიენუ, მიჯრით 7 ფინალით (5 ოქრო). გრიგალაშვილმა კი მესამე ადგილი გაიყო რიოკო ტანისთან (6-იდან 6 ოქრო) და ინგრიდ ბერგმანსთან (5 ოქრო, 1 ვერცხლი) ერთად.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ხუთეულში ტატო ერთადერთი მოქმედი სპორტსმენია, ვისი სერიაც ჯერ კიდევ აქტიურია. თუ 2027 წელს ასტანაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი კვლავ შეძლებს ფინალში გასვლას, იგი აგბენიენუს შედეგს გაუტოლდება (7 ფინალი) და მის წინ მხოლოდ ტედი რინერის რეკორდი დარჩება.

ისტორია გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია მსოფლიო ჩემპიონატებზე სტაბილურობის შენარჩუნება. მაგალითად, ძიუდოს ისტორიაში არიან ისეთი სპორტსმენებიც, რომლებმაც ზედიზედ სამი ფინალი იჭიდავეს, თუმცა ოქროს მედალი ვერცერთხელ ვერ მოიპოვეს. გრიგალაშვილმა კი ექვსიდან ოთხ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრება შეძლო.

1956 წლიდან დღემდე, მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში მხოლოდ 5 სპორტსმენია ასეთი შედეგით და მათ შორის ერთ-ერთი 26 წლის ქართველი ფალავანია.

სხვა სტატიები