დიდი ინტერესი გამოიჩინეს | შოთა არველაძე შესაძლოა უზბეკეთში დაბრუნდეს
უზბეკურ ფეხბურთში ხმაურიანი სამწვრთნელო ტრანსფერი მზადდება. ადგილობრივი მედიისა და ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტის - აბდულაზიზ ისკანდაროვის ინფორმაციით, ჯიზახის სოგდიანა აქტიურად განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტის, შოთა არველაძის დანიშვნას. უზბეკეთის სუპერლიგის კლუბში ამ შესაძლო ტრანსფერს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან არველაძის სახელი ადგილობრივ ფეხბურთში უდიდეს წარმატებასა და დომინაციასთან ასოცირდება.
ქართველ სპეციალისტს უზბეკურ ფეხბურთში ადაპტაცია არ დასჭირდება - იგი 2017-2020 წლებში ტაშკენტის ფახთაქორს წარმატებით თავკაცობდა. დედაქალაქურ გუნდში გატარებული სამწლიანი პერიოდი არველაძისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა: მან კლუბთან ერთად 5 ტიტულის მოგება მოახერხა (მათ შორის 2-ჯერ უზბეკეთის ჩემპიონატი და 2-ჯერ ეროვნული თასი), ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ნახევარფინალამდე მიიყვანა. სწორედ ამ მდიდარი გამოცდილებისა და ჩემპიონური მენტალიტეტის გამო მიიჩნევს სოგდიანას ხელმძღვანელობა ქართველ მწვრთნელს პრიორიტეტულ კანდიდატად.
🇬🇪🇺🇿 Shota Arveladze could become FC Sogdiana head coach next season, according to journalist Abdulaziz Iskandarov.
— 🇬🇪 Georgian Football (Football Pilotage) (@2017markel2017) October 29, 2026
🏆🇺🇿 Shota Arveladze won the Uzbekistan Super League and Uzbekistan Cup twice each with Pakhtakor. pic.twitter.com/pcRgBDakLH
ტაშკენტური კარიერის გარდა, შოთა არველაძეს საერთაშორისო ასპარეზზე მწვრთნელობის საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. მას ნამუშევარი აქვს თურქულ კლუბებში - ქაისერისპორში, ქასიმფაშაში, ტრაბზონსპორსა და ფათიჰ კარაგუმრუკში, ისრაელის გრანდ მაკაბი თელ-ავივში, ხოლო ინგლისში ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
ჯერჯერობით მხარეებს შორის ოფიციალური შეთანხმება გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. თუ ტრანსფერი შედგება, არველაძის დაბრუნება ჯიზახურ კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზულ განაცხადს გაუკეთებს.