Belive

დევიდ უები: "ქართველები გამორჩეული ხალხია, მათ გამარჯვება ფულს ურჩევნიათ"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა, დევიდ უებმა, რომელიც გუნდში მენტალური წვრთნის მიმართულებით მუშაობს, ინგლისურ მედიასთან ისაუბრა.

კონკრეტულად The guardian-თან ინტერვიუში, 43 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა ვილი სანიოლის შემოთავაზებაზე, საქართველოს ნაკრებში მუშაობასა და ქართველი ფეხბურთელებისა და ადამიანების მენტალურ მახასიათებლებზე ისაუბრა.

"ჩვენ (მე და ვილი სანიოლმა) აღმოვაჩინეთ, რომ სათამაშო ფილოსოფიით ერთმანეთს საკმაოდ ვგავართ. ჩვენ განვითარების გზას ერთნაირად ვხედავთ.

როცა საქართველოში წავიდა, ისეთი ადამიანის დახმარება სურდა, რომელსაც მრავალფეროვანი უნარ-ჩვევების სპექტრი აქვს. ასევე, ის ინგლისურ ენაზე მუშაობს და ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ვიმუშავოთ და განვითარებაში დავეხმაროთ.

როცა, თანამშრომლობაზე შევთანხმდით, მან მიიჩნია, რომ მე შემიძლია გუნდს მოედანზე და მის მიღმა ღირებული უნარ-ჩვევები შევძინო. როცა იქ ვარ, ვეცნობი ფეხბურთელებს და მათ ცხოვრებისეულ თავგადასავალს.

ქართველები საკმაოდ გამორჩეულები არიან. ისინი ძალიან თავმდაბლები, საკმაოდ მშვიდები და ამავე დროს მომართულები არიან. მათთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, ვიდრე ფინანსური წარმატება", - თქვა დევიდ უებმა.

დევიდ უები სხვადასხვა როლში ფეხბურთში უკვე 20 წელიწადზე მეტია მუშაობს. მას "ტოტენჰემში", "ბორნმუთში", "კრისტალ პალასში", "მილუოლში", "საუთმეჰპტონში" და "ჰადერსფილდში", ასევე შვედურ "ოსტერსუნდში" სკაუტის, ტექნიკური დირექტორისა და ახალგაზრდულ აკადემიაში მწვრთნელის რანგში უმუშავია. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე კი "იორკ სიტის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ და გუნდს 8 მატჩში უხელმძღვანელა.

სხვა სტატიები