Belive

დავით შუბითიძე: ,,ხელს რომ ამიწევენ, საქართველოს დროშაც აიწევა''.

7 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ჩვენი რუბრიკის ,,ახალი თაობის’’ დღევანდელი რესპონდენტი, ქართველი მოკრივე დავით შუბითიძეა. ის უკვე 14 წელია რაც ესპანეთში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, სწორედ ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

კითხვაზე, თუ რა დატვირთვა აქვს მკლავზე გაკეთებულ ტატუს, რომელზეც საქართველოს რუკაა, ამბობს: ,,ამ ეტაპზე საქართველოს სახელით ვერ გამოვდივარ, მაგრამ ყოველთვის როცა ხელს ამიწევენ, ჩემი სამშობლოს დროშაც აიწევა’’.

მისი, როგორც მოკრივის ბრძოლის სტილი აგრესიული, ხოლო ძლიერი მხარე - მარჯვენა ჯებია.

დღეს, სწორედ დავით შუბითიძეს გაგაცნობთ.

სპორტით, კერძოდ კი ფეხბურთით, 6 წლის ასაკში დავინტერესდი, ამის შემდეგ ტაილანდური (მოი ტაი) ჩხუბებით, მოგვიანებით დავდიოდი რაგბზეც. უკვე 12-13 წლის ვიყავი, პირველად, რომ მოვსინჯე ძალები კრივში და სწორედ ამ სპორტის სახეობაში დავინახე თავი. ძალიან კომფორტულად ვიყავი და ამიტომ დავრჩი.

მოგატყუებთ, თუკი გეტყვით, რომ ვინმე იყო ჩემი ინსპირაციის წყარო, უბრალოდ, ძალისმიერი სპორტი მომწონდა, ბედი ვცადე და გამომივიდა. ახლა უკვე, თანამედროვე მოკრივეებიდან გამოვარჩევდი კანელო ალვარესს, ძალიან მომწონს მისი ჩხუბის სტილი.

ახლა 18  წლის ვარ და აქამდე, ყველაზე დიდ მიღწევად, ესპანეთის ჩემპიონობასა (ოქროს მედალი, 2020 წ.) და WBC საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობას (ოქროს მედალი) ვთვლი. ამჟამად, სამწუხაროდ, ხელზე მაქვს ტრავმა, რომელიც 2023 წლის ესპანეთის ჩემპიონატზე მივიღე, ამიტომ უახლოეს გეგმებზე საუბარი მიჭირს. თუმცა, მქონდა საინტერესო შემოთავაზება კრივის ფედერაციის ნაკრებიდან, ამ შემოდგომისთვის, რომელზეც უარის თქმა მომიწია, აღნიშნული ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება მომავალ მიზნებს, ვაპირებ რომ დაახლოებით 2 წელიწადში პროფესიონალებში გადავიდე. ამ ეტაპზე, ელიტში ვასპარეზობ.

კრივში, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, გარდა აქტიური ფიზიკური დატვირთვისა, არის წონის კლება. ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი. მყავს ჩემი ნუტრიციონისტი, რომელიც მიწერს ე.წ დიეტას. რომელსაც ზედმიწევნით ვასრულებ. განსაკუთრებული ხრიკი არ მაქვს, მაგრამ მიცდია თერმული ტანსაცმლის ჩაცმა ვარჯიშის დროსაც. ასევე, ჩემპიონატების წინა დღეს საერთოდ არ ვიღებ სითხეს. გარდა ამისა, სირბილი და ვარჯიში დღეში ორჯერ, თუკი ეს შეიძლება ხრიკად ჩაითვალოს.

ყოველდღიურად ორჯერ ვვარჯიშობ: დილით ადრე ვდგები, მივდივარ სავარჯიშოდ, შემდეგ 3 საათისთვის სამსახურში, რომელსაც 9 საათზე ვასრულებ და სწორედ ამ დროს, მეორე ვარჯიშზე შევდივარ, 2 საათით.

ემი მიზანია, რომ ერთ დღეს საქართველოს სახელით ვიასპარეზო, ამისთვის სამწუხაროდ ამ ეტაპზე, საქართველოში ცხოვრებაა საჭირო. თუმცა, პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ, უკვე თავისუფლად შევძლებ საქართველოს დროშით გავიდე რინგზე.

 მომავალში იმედი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პროფესიონალებში გადავიდე. ხოლო მიზანს რაც შეეხება, ვიმედოვნებ რომ ერთ დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები.

 

სხვა სტატიები