Belive

დავით ხუროშვილი: "მთავარი დისციპლინა და მიზნისკენ ურყევად სიარულია - მჯერა, ასე ყველაფერს მივაღწევ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

belive-ის რუბრიკაში, ,,ახალი თაობა'', 13 წლის ნიჭიერ კალათბურთელს, დავით ხუროშვილს წარმოგიდგენთ.

დავით ხუროშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რაც სპორტის ამ სახეობითაა გატაცებული და საკალათბურთო კლუბ „კაპიტალ-თბილისის“ წევრია, ჩვენი რესპონდენტი გახლავთ და კალათბურთით დაინტერესების, კარიერის პირველი ნაბიჯებისა და სამომავლო მიზნების შესახებ გვიამბობს.

პატარა ასაკიდანვე, სპორტი ძალიან მიყვარს და უფრო ადრეულ წლებში, ფეხბურთი მიზიდავდა, ხშირად ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად. ერთხელ კი, ჩემმა უფროსმა ძმამ - გიორგიმ, რომელიც წარსულში კალათბურთს თამაშობდა, სწორედ სპორტის ამ სახეობის სათამაშოდ წამიყვანა.

ამის შემდეგ, კალათბურთი უფრო შემიყვარდა და მივხვდი, რომ სპორტის ამ სახეობით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ.

კარიერა საკალათბურთო კლუბ "ორბიში" დავიწყე, ამჟამად კი "კაპიტალ-თბილისის" მოთამაშე ვარ, რომელშიც უკვე 2 სეზონი გავატარე. პოზიციით მსუბუქი ფორვარდი ვარ, ე.წ. 3 ნომერი. თუმცა, ჩემი საყვარელი სათამაშო მაისურის ნომერი 23 გახლავთ. ეს ციფრი ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია, თანაც ისეთი ლეგენდარული კალათბურთელები ატარებდნენ ამ მაისურს, როგორებიც მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი არიან.

ცხოვრებაში ჩემი კუმირი ჩემი ძმაა, რომელიც ჩემთვის საკალათბურთო კარიერის დაწყების შთამაგონებელია. როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად ბევრს მავარჯიშებს, მასწავლის და ყოველდღიურად ცდილობს, რომ განვითარებაში დამეხმაროს. ხშირად ვსაუბრობთ სპორტსმენის ფასეულობებზე, პრინციპებზე, შრომისმოყვარეობაზე, დისციპლინასა და პროფესიონალიზმზე, ვუყურებთ ვიდეოებს და ვკითხულობთ წარმატებული სპორტსმენების ისტორიებს. კალათბურთსა და მთლიანად სპორტში კი, ჩემთვის განსაკუთრებულად მისაბაძი და სამაგალითო მოთამაშე კობი ბრაიანტია. მართალია, როცა ის კარიერას ამთავრებდა მე პატარა ვიყავი, მაგრამ მისი თამაშის არაერთი ჩანაწერი და გამორჩეული მომენტები მაქვს ნანახი და განსაკუთრებულად მიყვარს. მიმაჩნია, რომ მისი როგორც ადამიანის მენტალური სიძლიერე განსაზღვრავდა მის საუკეთესო სპორტსმენობას. დღეს მოთამაშე კალათბურთელებისგან განსაკუთრებით იანის ანტეტოპუნმპო მომწონს, ასევე ლებრონ ჯეიმსი და ლუკა დონჩიჩი.

რაც შეეხება ქართველ კალათბურთელებს, პატარა ასაკში ნანახი  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლეგენდარული თაობის თამაში მახსოვს და ჩანაწერებს დღესაც სიამოვნებით ვუყურებ. განსაკუთრებულად ვიქტორ სანიკიძის გამორჩეული, "მფრინავი" სტილი მომწონდა და რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულია -  ადამიანი, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო კლუბში, საუკეთესო კალათბურთელების გვერდით თამაშობდა. ჩემი ოცნებაც და მიზანიც ის არის, რომ ასეთი გზის გავლა მოვახერხო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი მიზანი NBA-ში მოხვედრაა, განსაკუთრებულად მინდა, რომ NBA-ში თავის დამკვიდრება მოვახერხო და პირველი ქართველი კალათბურთელი გავხდე, რომელიც "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის მიღებას მოახერხებს, მაგრამ მანამდე იმედი მაქვს რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდები. ჩვენ ისტორიულად ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც თითქმის ყველა ევრობასკეტზე მონაწილეობს და სულ მალე, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს. მინდა, რომ ჩვენს ნაკრებს წარმატება ვუსურვო, ერთ დღეს კი, საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ბიჭებს შორის მეც ვიყო. მინდა რომ, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები: ჩემი და-ძმა, მშობლები, ოჯახი, მეგობრები და ქვეყანა ჩემით ამაყობდნენ. 

ზაფხული წელიწადის ის პერიოდია, რომლის დროსაც სეზონი შეჩერებულია და კალათბურთელებს გვაქვს იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად მაქსიმალურად განვვითარდეთ. შესაბამისად, ვცდილობ დრო  ოპტიმალურად გამოვიყენო. ჩემი დილა ფიზიკური ვარჯიშითა და მცირე მოთელვით იწყება, შემდეგ ვსაუზმობ, ვისვენებ და დროს ინდივიდუალური ტექნიკის განვითარებას ვუთმობ, განსაკუთრებით კი ფარზე, სროლასა და ნახტომზე ვვარჯიშობ. გარდა ამისა, მგონია რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი განათლების მიღება. თუ NBA-ზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ იქ კოლეჯების ლიგიდან წარმატებული მოთამაშეები ხშირად ხვდებიან, სადაც, რა თქმა უნდა, სწავლასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შანსი მაქვს, რომ სკოლაც ოქროს მედალით დავამთავრო, რაც ძალიან მახარებს და მგონია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

აქტიური სასეზონო პერიოდისას, კვირაში 4 დღის განმავლობაში ვარჯიში გვაქვს, საღამოობით კი, ჩემს ძმასთან ერთად ინდივიდუალურად 3-4 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ ტექნიკის დასახვეწად.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ჩემი აზრით, მთავარია მოტივაციისა და დისციპლინის ბალანსი დავიცვა. ვიცოდე, რა არის ჩემი მიზანი და ამ მიზნისკენ შეუჩერებლად ვიარო. არის მომენტები, როცა დაღლილი ხარ და თითქოს არაფრის სურვილი გაქვს, მაგრამ ზუსტად ამ დროს არ უნდა დანებდე და გააგრძელო სვლა შენი მიზნებისკენ.

ნებისმიერ სპორტში, მათ შორის კალათბურთშიც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ შენი ყოველდღიური რუტინა დაურღვევლად დაიცვა და სწორი კვების, ვარჯიშის, ძილის, სწავლისა და ყველა საჭირო კომპონენტის ბალანსი შეინარჩუნო.

თუ ამ ყველაფერს დავიცავ, საკუთარ ძალებს ვირწმუნებ, დასახულ წერტილამდე ფოკუსირებულად ვივლი და წინაღობების არ შემეშინდება, მჯერა, რომ სასურველ ადგილას მისვლას აუცილებლად შევძლებ.

სხვა სტატიები