Belive

ჩინეთის მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღე: საქმეში მძიმე არტილერია ერთვება

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს. ცინდაოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგება. განვლილი 2 დღის მანძილზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, რომელიც გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ყველაზე მეტ მედალს ხვალინდელ დღეს უნდა ველოდოთ, რადგან საქმეში მძიმე არტილერია ერთვება. ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებენ: გიორგი პაპუნაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური (-90 კგ); ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ); გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ). დავიწყოთ და ნელ-ნელა განვიხილოთ თითოეული ქართველის ბადე და სავარაუდო მეტოქეები.

-90 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ -90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: გიორგი პაპუნაშვილი; ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. თამამად შეგვიძვლია ვთქვათ, რომ ურთულესი ბადეები შეხვდათ გიორგი პაპუნაშვილსა და ლაშა ბექაურს, ხოლო ბექა ღვინიაშვილს კი შედარებით მარტივი. გიორგი პაპუნაშვილი პირველივე ეტაპიდან იბრძოლებს და მისი მეტოქე ფრანგი - აქსელ კლერგე იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი გიორგი პაპუნაშვილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ, წარმოშობით ქართველს, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს - ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდება. ხოლო ამ წყვილში გამარჯვებული კი რუს - ჰუსენ ხალმურზაევს დაეჭიდება. ბექა ღვინიაშვილი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც იგი ყაზახ - ისლამ ბოზბაიევს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე თურქ - მიხაილ ოზერლერსა და სლოვაკ - პეტერ ზილკას შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება 19 წლის ლაშა ბექაურს, იგი განთესილია და მეორე ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელ - ლი კოჩმენსა და ჩინელ - ჰებილიჯ ბუს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო გამარჯვების შემხვედრაში კი იგი ჰოლანდიელ - ნოელ ვან ტ ენდსა და დომინიკელ - რობერტ ფლორენტინოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს. ვარლამი პირველივე ეტაპიდან ერთვება საქმეში და მისი მეტოქე უნგრელი - მიკლოს სირიენიკსი არის. თუ ვარლამი უნგრელ მეტოქესთან გაიმარჯვებს, შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე ფრანგ - კირილ მარეტსა და რუს - ნიაზ ბილალოვს შორის გამარჯვებული იქნება. ვარლამის ბადეში ასევე არიან: უძლიერესი აზერბაიჯანელი - ელმარ გერასიმოვი და რუსი - კირილ დენისოვი.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოდან შემდეგი ფალავნები იასპარეზებენ: გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი. გელა ზაალიშვილი A ბადეში იასპარეზებს, ხოლო ლევან მატიაშვილი კი D-ში. ორთავე ქართველი პირველივე ეტაპიდან ერთვება ასპარეზობაში. გელას მეტოქე კორეელი - მინიონგ კიმი იქნება, ხოლო ლევანის კი ებრაელი - ორ სასონი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე ქართველი რთულ ბადეში მოხვდნენ, მაგალითად: გელა ზაალიშვილის ბადეშია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჩეხი - ლუკაშ კრპალეკი, რომელიც გელას მხოლოდ ბადის ფინალში შეხვდება. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში გელა ზაალიშვილი იაპონელ - კოკორო კაგეურას შეხვდება, ხოლო ლევან მატიაშვილი კი ბრაზილიელ - რაფაელ სილვასა და ბელარუს - ალექსანდრ ვახავიაკს შორის გამარჯვებულს.  ლევან მატიაშვილის ბადეში არიან: რუსი - ინალ ტასოევი; წარმოშობით ქართველი, რომელიც ტაჯიკეთის სახელით ასპარეზობს - თემურ რახიმოვი. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 06:30 საათზე აიღებს სტარტს, ხოლო ფინალური ბლოკი 13:00-ზე დაიწყება. Live.ge წარმატებას უსურვებს ქართველ ფალავნებს.      

სხვა სტატიები