ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Bulinews-ის ვერსიით, ბუნდესლიგიდან გავარდნილი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ 32 წლის ქართველი ფეხბურთელი დასახელდა.
"გასულ სეზონში, პლეი-ოფში მოპოვებული სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ, ახლახან დასრულებული 2025-26 წლების სეზონი ჰაიდენჰაიმისთვის ისეთივე ბედნიერი დასასრულით არ აღმოჩნდა დაგვირგვინებული. ფინიშის სწორზე გაღებული გმირული ძალისხმევის მიუხედავად, დასკვნით ტურში მაინცთან მარცხმა (0:2) ბადენ-ვიურტემბერგული გუნდის ბუნდესლიგაში სამწლიან გამოსვლას წერტილი დაუსვა.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაფერი გააკეთა გუნდის უმაღლეს დივიზიონში გადასარჩენად, სწორედ ბუდუ ზივზივაძე გახლდათ. ქართველს მისი ბევრი თანაგუნდელის მსგავსად სეზონის განმავლობაში ფორმის მხრივ რთული პერიოდები ჰქონდა. თუმცა, მან თავისი თამაში იპოვნა და ბუნდესლიგაში გატანილი 6 გოლიდან 5 დასკვნით ექვს მატჩში მიითვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის თავდამსხმელი კვლავ გერმანიის მეორე დივიზიონში აღმოჩნდება, მისი პროფილი ზუსტად ჯდება იმ თვისებებში, რაც იქ წარმატების მისაღწევადაა საჭირო. თავისი 188 სმ სიმაღლით, ბურთის შენარჩუნების უნარით, საჰაერო ორთაბრძოლებითა და თავდაცვაში მონდომებით, ზივზივაძე მომავალ სეზონში ჰაიდენჰაიმს უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევს. თუ ის სეზონს თავიდანვე წარმატებით დაიწყებს, ბუნდესლიგაში სწრაფი დაბრუნება სრულიად რეალური იქნება", - წერს Bulinews.
ბუდუ ზივზივაძემ ახლახანს დასრულებულ სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაში, 20 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და ჰაიდენჰაიმის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.