betlive მასტერ ლიგის ნაკრები Socca EuroCup-ზე ითამაშებს
betlive მასტერ ლიგის ნაკრები, International Socca Federation-ის ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე - Socca EuroCup-ზე იასპარეზებს.
პრესტიჟული ტურნირი 8-12 მაისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება. ცნობილია, რომ betlive მასტერ ლიგის ნაკრები A-ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და მასპინძელი მოლდოვის წინააღმდეგ ითამაშებს.
8 მაისს, betlive მასტერ ლიგის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. 9 მაისს, პორტუგალიის დამარცხებას შეეცდება, ხოლო 10 მაისს, ქვეჯგუფის დასკვნით მატჩში, მასპინძელ მოლდოვას შეხვდება.
Socca EuroCup 2024, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მინი ფეხბურთის მატჩები 6x6-ზე გაიმართება და რაც ყველა მნიშვნელოვანია - Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, ევროპას 20 გუნდიანი კვოტა აქვს გამოყოფილი. ევროპის რეიტინგის პირველი 15 გუნდი Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ იასპარეზებს, დარჩენილი 5 საგზურის მფლობელი კი Socca EuroCup-ზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით დადგინდება. შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 6 თვის შემდეგ, ომანში გაიმართება.