Belive

ბერძენი ჟურნალისტი: "ერთი საერთო გვაქვს: ერთნაირად გვინდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

26 მარტს, "დინამო არენაზე", საქართველოსა და საბერძნეთის პრინციპული დაპირისპირება შედგება. აღნიშნულ მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მატჩის წინ, ჩვენს ბერძენ კოლეგასთან, აკის კაცუდასთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ და გავიგებთ, თუ როგორია მეტოქე მხარის განცდები და მოლოდინები.

პირველად დეკემბერში შევხვდით. როცა საქართველოს ეწვიე და მოგვიანებით სტატია გამოაქვეყნე. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებ საქართველოს ჩემპიონატის დონეს, საქართველოს ნაკრებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს?

შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ფეხბურთის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. შესაძლოა, ლიგის არცერთ თამაშს არ დავსწრებივარ, რადგან ისეთ დროს ვიმოგზაურე, როცა ეროვნული ჩემპიონატის სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო, მაგრამ შევამჩნიე ქართველების დიდი სიყვარული ფეხბურთის მიმართ.

მივხვდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების მოხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა ნამდვილად აქვს საუკეთესო შანსი იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაწიოს.

საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიის დასაწერად იყავი. კვარაზე მიღებული ყველა ინფორმაციის შემდეგ, რას ფიქრობთ მასზე, როგორც ფეხბურთელზე და როგორც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურაზე?

პირველად ვიგრძენი, რამხელა გავლენა აქვს ამ ფეხბურთელს ქვეყანაში, როცა გასულ ზაფხულს ნეაპოლში გავემგზავრე იტალიის ლიგის მოგების შესახებ მასალების შესაგროვებლად. ქუჩაში, ყველგან ვხედავდი ქართველებს, რომლებიც ქვეყნის დროშებით დადიოდნენ.

როცა დავწერე ისტორია, როგორ შემხვდა იგი ნეაპოლის აეროპორტში, არ ველოდი, რომ ქართველი ხალხისგან ამდენ სიყვარულს მივიღებდი. ძალიან ბევრი ადამიანი მომიწოდებდა საქართველოს ნახვისკენ, რაც როგორც იცი, გავაკეთე კიდეც. მაშინ მართლა მივხვდი, რატომაა აღფრთოვანებული მისით ყველა ასე ძალიან.

ის არის მოკრძალებული ადამიანი, ძალიან თავდადებული თამაშისთვის და არა ვარსკვლავი კლასიკური გაგებით. ნიჭი მართლაც უნიკალურია. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ვხვდები, რომ ხვიჩა კვარაცხელია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი. სწორედ მას ეკისრება ისტორიის დაწერის პასუხისმგებლობა ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ველოდოთ ძალიან კონკრეტულ გეგმას ბერძენი დამცველებისგან მისი მოქმედების შეზღუდვის მიზნით.

უყურე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს? როგორი დასკვნები გამოიტანე მატჩიდან და რა ძლიერი და სუსტი მხარეები შენიშნე საქართველოს ნაკრების თამაშში ამ მატჩში?

რა თქმა უნდა ვუყურე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ საქართველო მოიგებდა. ჩემი ერთადერთი კითხვის ნიშანი ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნას უკავშირდებოდა. ყველა სხვა ფეხბურთელი მუშაობდა ამ დანაკლისის შესავსებად. რა თქმა უნდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სტადიონზე არსებულმა ატმოსფერომ. ეს აურა ტელევიზიამაც კი გადმოსცა.

ვგრძნობდი ტრიბუნების პულსს და ზეწოლას, რომელიც მას შეეძლო მოწინააღმდეგეზე მოეხდინა. ვფიქრობ, ფინალში ატმოსფერო კიდევ უფრო დაძაბული იქნება. და ეს ასევე ყველაზე დიდი გამოწვევაა საბერძნეთის ნაკრებისთვის.

აღფრთოვანებული ვიყავი იმით, თუ როგორ ახერხებდა საქართველოს ნაკრები თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილის დაჭერას. ვფიქრობ, ნამდვილად ღირსეული გუნდი გყავთ. საბერძნეთიდან და საქართველოდან ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება, არადა დარწმუნებული ვარ ამას ორივე იმსახურებს.

მალე ორივე ქვეყნისთვის ისტორიული მატჩი გაიმართება. საბერძნეთს აქვს ევროპის ჩემპიონატზე თამაშისა და მოგების გამოცდილება, ხოლო ჩვენთვის ეს იქნება პირველი მონაწილეობა დიდ ტურნირზე. როგორ აფასებ შანსებს და ფიქრობ, რომ გამოცდილება საბერძნეთისთვის დიდი უპირატესობაა?

ორივე გუნდს ერთი რამ აქვს საერთო: მათ ძალიან სურთ ევროზე მოხვედრა. თითოეულს, სხვადასხვა მიზეზის გამო. ამის შანსი საქართველოს ისტორიაში მეორედ აქვს. მეორე მხრივ, საბერძნეთს მთელი 10 წელი აშორებს მთავარ მოვლენებს.

ქვეყანაში ყველამ გაიაზრა დიდი პერსპექტივა და ევრო 2004-ის მოგების შემდეგ არ გვეგონა, რომ ეს დიდი ვარდნა ოდესმე მოხდებოდა: იქამდე მივიდოდით, რომ ფარერების კუნძულებსაც კი დავუთმობდით თამაშს.

ვფიქრობ, შანსები გაყოფილია. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგებში თამაშობენ. შესაძლოა, საბერძნეთს არ ჰყავდეს ხვიჩა კვარაცხელიას კალიბრის ფეხბურთელი, მაგრამ ჰყავს კოსტას ციმიკასი, რომელიც „ლივერპულში“ თამაშობს, ვანგელის პავლიდისი, ნიდერლანდების ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ტასოს ბაკასეტასი, რომელიც პანათინაიკოსის ლიდერია. ეს იქნება დიდი ბრძოლა.

ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და რამდენად იქნება ეს უპირატესობა საქართველოს ნაკრებისთვის? იცით თუ არა რა ატმოსფეროა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე"? ყველა ბილეთი 5 საათში გაიყიდა...

მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობა. რა თქმა უნდა, მისთვის გაცილებით რთული იქნებოდა თამაში საბერძნეთში რომ ჩატარდეს. ჩვენ შეგვატყობინეს გაყიდვის შესახებ და ნამდვილად გაკვირვებული ვიყავით, რამდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

რას იტყვით საბერძნეთის ნაკრების სათამაშო სტილზე, ფილოსოფიასა და მიდგომებზე? მეტოქის მხრიდან როგორი ფეხბურთის მოლოდინი უნდა გვქონდეს?

საბერძნეთის ნაკრები 2014 წლის შემდეგ საუკეთესო მდგომარეობაშია. მას ყველა პოზიციაზე გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, როგორც ბერძნული, ისე ევროპული ფეხბურთის გამოცდილებით, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.

ტაქტიკის თვალსაზრისით, ეს არის ტრადიციულად გუნდი, რომელიც ეყრდნობა თავის კარგ დაცვით ფუნქციას. მათი დაცვის ცენტრში არიან დინოს მავროპანოსი, რომელიც პრემიერ ლიგაში თამაშობს და პანტელის ჩაციდიაკოსი, რომელიც სერია A-ში გამოდის. არ ვიცი, როგორი იქნება, ფინალის გეგმა, მაგრამ საბერძნეთის ნაკრები თავისთავად მიმაჩნია, რომ გოლის არ გაშვებაზე გააკეთებს აქცენტს.

ვფიქრობ, ძალიან ჩაკეტილი თამაში იქნება. ორივე გუნდს ძალიან სურს გამარჯვება. ასე რომ, ვფიქრობ, ორივე შეეცდება თავიდან აიცილოს შეცდომები. რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელები ტრიბუნების პულსით სარგებლობას შეეცდებიან, განსაკუთრებით პირველ წუთებში. თუ ვარაუდს გამოვთქვამ, ვფიქრობ, ფინალის გამარჯვებული პენალტებით გადაწყდება.

ორი დიდი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი და გუსტავო პოიეტი, ერთმანეთს მწვრთნელების რანგში შეხვდებიან. მათი სტილის გათვალისწინებით, როგორ მატჩს ელოდები?

ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამებზე მყოფი მწვრთნელების მხრიდან ნამდვილი ბრძოლა იქნება. ორივე ეროვნულ გუნდს გაუმართლა, რომ ორი გამორჩეული მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი წვრთნის. ორივეს აქვს გამოცდილება დიდი ტურნირების თამაშის და იცის როგორ გადასცეს ეს მათ სპორტსმენებს.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წარმართავენ ისინი თამაშს, უშუალოდ მიმდინარეობისას და არა მატჩის დაგეგმარებისას. რომელ გუნდს ექნება ბურთის ფლობა, რომელი გუნდი აირჩევს კონტრშეტევებზე თამაშს. მე ძალიან მაინტერესებს ეს.

როგორ ემზადებიან ბერძენი გულშემატკივრები საქართველოსთან მატჩისთვის? დაახლოებით რამდენი გულშემატკივარი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას?

საბერძნეთში ყველა მოუთმენლად ველით საქართველოს წინააღმდეგ ფინალს. ლიგა შეჩერდა და ყველას ყურადღებას ნაკრები იქცევს. ინტერესი იმდენად დიდია, რომ თუ ათენის ქუჩებში გაივლი, თამაშზე უკვე ბევრს მოისმენ.

ვიცით, რომ სტადიონზე რამდენიმე ასეული ბერძენი გულშემატკივარი იქნება, რომლებიც თავიანთი ხმით შეეცდებიან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელების განწყობა აუმაღლონ. მათი ამოცანა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, რადგან მეორე მხარეს 55.000 ათასი ქართველი იქნება, რომელიც საკუთარი გუნდისთვის იმღერებს.

ზოგადად, ეს მატჩი უფრო მეტს ნიშნავს საბერძნეთისთვის თუ საქართველოსთვის და რა როლი ექნება ამ წარმატებას ქვეყნების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისა და სწორი მიმართულებით წასვლის მიმართულებით?

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და საბერძნეთი არის ორი ქვეყანა, რომელიც მართლაც ძალიან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ვფიქრობ, რომ ჩვენი „დაპირისპირება“ მხოლოდ 90 წუთი გაგრძელდება.

ამ თამაშზე ნამდვილად დიდი ზეწოლაა. საქართველოს სურს ისტორიის შექმნა. საბერძნეთს, ევროს მოგებიდან 20 წლის შემდეგ, სურს დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია. ზეწოლა უდავოდ დიდია ორივე მხარეს. რადგან ორივემ იცის, რომ შესაძლო წაგება მნიშვნელოვანი მარცხი იქნება.

ძალიან მინდა ვნახო კარგი მატჩი და დაე, საუკეთესომ გაიმარჯვოს!

სხვა სტატიები