Belive

ბადრი და ლაშა ციხისთავები: ,,Tier 1-ის გუნდებთან მიღებული გამოცდილება, საკლუბო სეზონშიც დაგვეხმარება''.

7 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვანია, რომ გავიცნოთ ის ახალგაზრდა მორაგბეები, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებში უკვე გამოიჩინეს თავი და ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების რიგები შეავსონ.

ამჯერად ჩვენი რესპონდენტები ტყუპი ძმები, ბადრი და ლაშა ციხისთავები იქნებიან, რომელთაც U20 რაგბის მსოფლიო თასზე უკვე შეძლეს თავის წარმოჩენა - საკლუბო  ასპარეზზე კი ფრანგული „ბაიონას“ ღირსებას იცავენ.

უკეთ გასაცნობად, გთავაზობთ მათთან გაერთიანებულ ინტერვიუს:

პირველი შეხება რაგბისთან

ბადრი: 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო პირველი, რომელიც ლაივში ვნახე.  ზელანდიელების ჩვენთან შესრულებული ჰაკა კი ალბათ მთავარი ეპიზოდი იყო, რომლის მერეც მე და ლაშამ რაგბიზე სიარული გადავწყვიტეთ.

ლაშა: 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, იმავე წლის შემოდგომაზე დავიწყეთ თამაში მე და ჩემმა ძმამ.

ინსპირაციის წყარო

ბადრი: სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა, განსაკუთრებით გუნდურობის პრინციპი, უფრო მომწონდა ვიდრე, კონკრეტულად ერთი მოთამაშე. თუ ერთი საყვარელი მოთამაშე უნდა ვთქვა - მამუკა გორგოძე.

ლაშა: ზოგადად, მთავარი მიზეზი, რაგბის როგორც სპორტის სიმპათია იყო, კონკრეტული გამორჩეული სპორტსმენი დასაწყისში არ მყავდა. მაგრამ როცა გავერკვიე და უფრო მეტად დავინტესდი, ძველი თამაშები და განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატები ვნახე, ტიერი დუსეტუა ჩემი საყვარელი მოთამაშე გახდა.

U20-ში ტყუპისცალ ძმასთან ერთად ასპარეზობა

ბადრი: ბავშვობაში, როცა ასე ჯონი და რიჩი გრეის ვუყურებდი, მერე ბილი და მაკო ვუნიპოლებს, ბარეტებს, მეც წარმოვიდგენდი ეგეთ სიუჟეტს და საბედნიეროდ რეალობაშიც გამოვცადე. ძალიან ემოციური და ამღელვებელი იყო, რაც არასდროს დამავიწყდება.

ლაშა: ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო, ისეთი რასაც კარიერის დასაწყისში ძნელად თუ წარმოვიდგენდი. ნაკრების შემადგენლობაში ყოფნა უდიდესი პასუხიმგებლობაა, კაპიტნობა და შენს ტყუპისცალთან ერთად ჰიმნის დროს დგომა ხომ საერთოდ. წარმოუდგენელი ადრენალინი და ემოციაა, რომლითაც ვცდილობდი მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო და მოედანზე შესაფერისად გამომეყენებინა.

Tier 1-ის ტოპ გუნდებთან თამაშის გამოცდილება

ბადრი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი დონის გუნდებთან ამდენი თამაში, თანაც მაღალ დონეზე სხვებისთვის სიურპრიზი, ჩვენთვის კი იმის დამტკიცების საშუალება იყო, რომ მათ დონეზე თამაში ჩვენც შეგვიძლია. რასაკვირველია, ასეთი გამოცდილება შეუფასებელია და საკლუბო სეზონშიც ძალიან დამეხმარება.

ლაშა: პირველი დონის გუნდებთან თამაშით განებივრებული ნამდვილად არ ვართ. ვინ იცის, ხშირი პრაქტიკა რომ გვქონოდა ასაკობრივ 6 ერზე ასპარეზობის მხრივ, როგორ შედეგს ვაჩვენებდით. ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მორაგბისთვის, ასეთი თამაშები თავის გამოჩენისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. საკლუბო სეზონი ხელის მოტეხილობის გამო, თითქმის სრულად გამიცდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ხარისხიანი დაბრუნება ძალიან მინდოდა, რაც ასე თუ ისე გამომივიდა.

ფრანგული გამოცდილება

ბადრი: ადაპტაცია, როგორც მოსალოდნელი იყო მარტივი არ ყოფილა, მაგრამ კოტე მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღონია, ლუკა ჭელიძე და სხვა ქართველები ვინც დაგხვდნენ ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენი აგენტი ლევან ღვაბერიძეც  ზრუნავდა რომ დასაწყისში აქაურობასთან შეჩვევა არ გაგვჭირვებოდა. თამაშის რიტმი აქ უფრო აჩქარებულია, უფრო სწრაფი რაქი და ჯამურად უფრო მაღალი ტემპია. საკლუბო სეზონი ვფიქრობ, ნაყოფიერი გამომივიდა. ესპუარების გარდა ჩელენჯ ქაფზე მთავარი გუნდის რიგებშიც მომიწია თამაში და იმედია, წელს ტოპ 14-შიც მოვახერხებ იმავეს.

ლაშა: თამაში გაცილებით მაღალ ტემპში მიდის, რაც ტოპ დონის რაგბის მთავარი მახასიათებელია. დასაწყისში რა თქმა უნდა, ადაპტაცია მარტივი არ იყო, მაგრამ აქ მყოფი  ქართველები ძალიან გვეხმარებოდნენ. პირველივე არაოფიციალურ მატჩში ხელი მოვიტეხე. ამან ცოტა გამირთულა შეჩვევა, მაგრამ ახლა ყველაფერი სტაბილურადაა.

კუმირი

ბადრი: თანამედროვე რაგბიდან ალბათ, ჩემი პოზიციის მორაგბეს ავირჩევ და კაილ სინკლერს ვიტყვი, ზოგადად კი, როგორც ვახსენე - მამუკა გორგოძე.

ლაშა: თანამედროვე რაგბიში არდი სავეა, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემი საყვარელი მოთამაშე ტიერი დუსეტუაა.

ტოპ 14 თუ სუპერრაგბი?

ბადრი: ტოპ 14.

ლაშა: ტოპ 14 აუცილებლად.

საქართველო და რაგბის მსოფლიო თასი

ბადრი: ტურნირის ფავორიტი ისევ სამხრეთ აფრიკა მგონია. ტვიკენჰემზე რაც ზელანდიასთან გააკეთეს უკვე დიდი განაცხადი იყო ფავორიტობაზე. საქართველოს ნაკრებს კი იქ მოვიაზრებ, სადაც არასდროს ყოფილა. ანუ პლეიოფში და მსოფლიოს 8 საუკეთესო ნაკრებში, ამის იმედი გულწრფელად მაქვს.

ლაშა: ნახევარფინალში არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ტურნირის ფავორიტად მაინც ირლანდიელებს ვთვლი. საფრანგეთს ტრავმების გამო ძალიან არ გაუმართლა, თორემ ნტამაკთან ერთად ალბათ მათ დავასახელებდი ფავორიტად. ჩვენი შანსები მგონი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე გვქონია. იმედი მაქვს, პირველად ისტორიაში პლეიოფში გასვლას შევძლებთ. ასეთი მოლოდინი სხვა არც ერთ მსოფლიოზე მქონია.

 

სხვა სტატიები