Belive

ანტალიის გრანდ სლემი: დღე III - 6 ქართველის იმედად | პრევიუ

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ანტალიის გრანდ სლემი, რომელიც 1-3 აპრილს მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ოქროს მედალი 19 წლის ქართველმა ფალავანმა - გიორგი ტერაშვილმა მოიგო. ბოლო საშეჯიბრო დღეს კი, საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორსმენი იასპარეზებს, აქედან 5 კაცი ერთი კი ქალი

-90 კგ


-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი: ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე დაიცავენ. ბექა ღვინიაშვილი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ ბოსნიელ - ტონი მილეტიჩსა და ნიდერლანდელ - ნოელ ვან ტენდს შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკა D ბადეში გამოვა და განთესილი იქნება, შესაბამისად ლუკაც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. ლუკას მეტოქე, თურქ - ომერ აიდინსა და სამხრეთ აფრიკელ - ტომას-ლასლო ბრეიტენბახს შორის გამარჯვებული იქნება. ექსპერტების აზრით, ლუკა მაისურაძეს მინიმუმ ნახევარფინალამდე შეუძლია მისვლა, ბექა ღვინიაშვილი კი თუ ნიდერლანდელ მეტოქეს მოუგებს, შესაძლებელია ფინალამდე მივიდეს.

-100 კგ


-100 კგ წონით კატეგორიაშიც 2 სპორტსმენი გვეყოლება: ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი. ონისე სანებლიძე A ბადეში განთსილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ჩილელ - ტომას ბრიკენოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, 1/8 ფინალში, ონისეს მეტოქე ბრიტანელი - რაის ტომპსონი იქნება. ონისე სანებლიძეს რეალური შანსი აქვს, რომ ნახევარფინალში იჭიდავოს. რაც შეეხება გიორგი ბერიაშვილს, გიორგის ბადეში არ გაუმართლა და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც ბრაზილიელ - უილიამ სოუსას დაუპირისპირდება. ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, გიორგის მეტოქე კანადელი - შედი ელნაჰასი იქნება, რომელიც ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

+100 კგ


+100 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ მსოფლიო ჩემპიონი და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი - გურამ თუშიშვილი იჭიდავებს. გურამი ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, შესაბამისად იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ავსტრიელი მეტოქე - დანიელ ალერსტორფერი ეყოლება. გურამი C ბადეშია და მას საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ ფინალამდე უპრობლემოდ მივიდეს.

+78 კგ


+78 კგ-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს. სოფიო D ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი არ არის, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს. მისი მეტოქე, პოლონელი - კინგა ვოლსიაკი იქნება. პოლონელის დამარცხების შემთხვევაში კი, ფრანგ - ლი ფონტაინს დაუპირისპირდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები