Belive

ანდრო დვალი: მიღებული გამოცდილებით, ვეცდებით ჩემპიონის ტიტული დავიცვათ

10 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთედ შეეცდებიან ევროპის ჩემპიონატის მოგებას. ნახევარფინალში, მათ ნიდერლანდების ნაკრები, ანგარიშით 29:10 დაამარცხეს, რითიც ფინალის საგზური მოიპოვეს და 18 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ წინა წლის ფინალშიც, სწორედ მათ დაუპირისპირდა ჩვენი ნაკრები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ამჯერად, ჩვენი ყურადღება ახალგაზრდა ბორჯღალოსნების კაპიტანმა, ანდრო დვალმა მიიპყრო. მოსალოდნელი ფინალის წინ, სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ, რუბრიკაში ,,ახალი თაობა’’.

თავდაპირველად, რაგბის თამაში 13 წლის ასაკში, სარაგბო კლუბ ,, ლელოში’’ დავიწყე. ინსპირაციის წყარო კი მამაჩემი გახდა, რომელმაც 2017 წელს, საქართველო-რუსეთის მატჩზე წამიყვანა, როდესაც პირველად მოვხვდი გულშემატკივრებით გადაჭედილ დინამო არენაზე. ის მატჩი 14 ქულიანი სხვაობით, 28:14 მოვუგეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. არასდროს დამავიწყდება განცდილი ემოციები და ის საბრძოლო ჟინი, რომელიც თამაშის განმავლობაში მოდიოდა როგორც ნაკრების წევრებისგან, ასევე, უშუალოდ მაყურებელთა მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ მოვიწამლე რაგბით.

თანამედროვე რაგბის ვარსკვლავებიდან, საფრანგეთის ნაკრების მე-8 ნომერს, გრეგორი ალდრიტს გამოვარჩევდი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და გუნდის ლიდერია.

რაც შეეხება 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, როგორც მოგეხსენებათ, ნახევარფინალში ნიდერლანდები დავამარცხეთ, ფინალის საგზურის მოპოვება შევძელით და ჩემპიონობის ტიტულს, გასული წლის მსგავსად, კვლავ პორტუგალიასთან დავიცავთ. ახალგაზრდულ დონეზე, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, ყველა მორაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილებაა, რადგან რაგბს საერთაშორისო, მაღალ დონეზე, ევროპის სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის ნაკრებების წინააღმდეგ ვთამაშობთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ყველამ ვიცით, თუ რამხელა დატვირთვა აქვს საფინალო თამაშს და თითოეული ჩვენგანის მიზანია, წინა წლების გამოცდილების გამოყენებით, კვლავ საქართველომ მოიპოვოს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

რაც შეეხება პირადად ჩემთვის რომელი უფრო დიდი გამოწვევაა, ტოპ 14 თუ სუპერ რაგბი, საკლუბო დონეზე ჩემთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი Top 14-ია, რადგან ძალიან მომწონს მისი ტემპი, ტექნიკურობა, ზოგადად ფიზიკურობა და თამაშის სტილი.

სხვა სტატიები