Belive

ალექსანდრე კობახიძე: "ვორსკლა ყოველთვის რთული და უხერხული მეტოქე იყო, თუმცა გორის დილა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია"

9 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის მესამეადგილოსანი გორის "დილა" უკრაინის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზე გასულ პოლტავის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა 27 ივლისს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 3 აგვისტოს შედგება.

აღნიშნული შეხვედრების წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე კობახიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც კარიერის განმავლობაში უკრაინის ჩემპიონატში არაერთი სეზონი გაუტარებია, 2016-19 წლებში კი სწორედ "ვორსკლას" მაისურს ირგებდა, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდის თანამონაწილე იყო და მისგან მეტოქე გუნდის შესახებ საკმაოდ ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ.

პირველ რიგში, ის გუნდი გავიხსენოთ, რომელშიც თამაშობდი და ამჟამინდელ "ვორსკლასთან" პარალელი გავავლოთ. რამდენად განსხვავებული გუნდია და რა სტილის თამაშს უნდა ელოდოს გორის "დილა" მეტოქისგან?

ვფიქრობ, პოლტავის "ვორსკლა" ჩემი დროის გუნდისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფორმაციისაა, როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო სტილის კუთხით. მათ საინტერესო მწვრთნელი ჰყავთ - როცა მე უკრაინაში ვთამაშობდი, ის ლუგანსკის "ზარიას" წვრთნიდა და საკმაოდ საინტერესო და კარგ ფეხბურთს ათამაშებდა: შემტევი, სწრაფი და გამართული.

არ ვიცი, რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ იმ ფორმაციის "ვორსკლა", რომელშიც ვთამაშობდი, შესაძლოა კლუბის ისტორიაში საუკეთესოც კი იყო. ძალიან კარგი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით ვიყავით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, უპირატესობას მაინც იმდროინდელ "ვორსკლას" მივანიჭებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი და ვფიქრობ, საინტერესო ფეხბურთის ჩვენებას აპირებს.

"ვორსკლას" ფილოსოფია ზოგადად არასდროს იცვლება და ის ყველასთვის უხერხული გუნდია. "ვორსკლა" სტაბილურად, უკრაინის ჩემპიონატში ყველასთვის უხერხული მეტოქეა და გამოირჩევა ფიზიკურად ძლიერი მონაცემების მქონე ფეხბურთელების სელექციით. ვფიქრობ, გორის "დილას" მეტოქე დღესაც ასეთივე სტილის გუნდად რჩება.

გორის "დილაზე" რას ფიქრობ. რა შესაძლებლობის გუნდია? საინტერესოა ისიც, რომ "დილას" მწვრთნელი უკრაინელია და შესაძლოა მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო რეალობას კარგად იცნობდეს და პირიქით, სამშობლოში მის ძალებს აფასებდნენ. რამდენად იქნება ეს ქართული კლუბისთვის უპირატესობა?

ჩემი აზრით, გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც კია. არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, "დილა" ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი, რაც მაღალი პრესინგის მოთამაშე და ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელების სელექციით ჩანს. ჩემი აზრით, ანდრეი დემჩენკო საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ჩემი აზრით, ანდრეი დემჩენკო ამჟამად ქართულ ფეხბურთს უფრო კარგად იცნობს ვიდრე უკრაინულს, თავად უკრაინაში კი მის სამწვრთნელო შესაძლებლობებს ბოლომდე არ იცნობენ, რადგანაც ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც მწვრთნელს, რამდენადაც მახსოვს, უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არ უმუშავია. ამიტომ, ვფიქრობ მეტოქეს ანდრეი დემჩენკოს შესახებ ბევრი ინფორმაცია არ უდნა ჰქონდეს.

"დუნაისკა სტრედასთან" გამარჯვების შემდეგ, რამდენად რთული იქნება "ვორსკლას" ბარიერის გავლა? შენი აზრით, ამ ორ გუნდს შორის რომელი უფრო ძლიერია?

დუნაისკა "სტრედა" ძალიან სერიოზულ გუნდად მიმაჩნია, ამის ახსნა მხოლოდ იმითაც შეიძლება, რომ წინა სეზონში​ ბრატისლავის "სლოვანი" კინაღამ მეორე ადგილზე დატოვა და ჩემპიონობა დააკარგვინა. ამიტომ, გულწრფელი რომ ვიყო, ჩემთვის მცირე სენსაციაც კი იყო გორის "დილას" მიერ ტურნირიდან "დუნაისკა სტრედას" გამოთიშვა, თუმცა მათ ეს დამსახურებულად გააკეთეს. თუ ამ გუნდებს შორის პარალელს გავავლებთ, არ მგონია, რომ "დუნაისკა" ვორსკლაზე" ძლიერი გუნდი იყოს - უფრო პირიქით. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული მატჩების მოლოდინი მაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია "ვორსკლასთვის" საშინაო კედლებში თამაში? ის გარემოება, რომ მატჩის პოლონეთში ჩატარება უწევთ, რამდენად მოახდენს გავლენას მათ თამაშზე?

"ვორსკლასთვის" ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საშინაო შეხვედრებს. საკმაოდ დიდი საშინაო არენა აქვთ, თუმცა ამ გუნდის მატჩებზე ხალხი ყოველთვის დადიოდა. თუმცა, ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ახლა საშინაო კედლებში ვერ თამაშობს, ეს გუნდის ფილოსოფიის, სტილის, ბროლისუნარიანობის, სათამაშო დისციპლინის დარღვევას არ გამოიწვევს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელი მოედნის რომელიმე მონაკვეთში მეტოქეს რამეს დაუთმობს - "ვორსკლა" საკმაოდ უხერხული და მებრძოლი გუნდია.

სხვა სტატიები