Belive

ალექსანდრე იაშვილი: "მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა, მაგრამ FIFA მას თამაშის შესაძლებლობას არ აძლევს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"პირადად მეც, მთავარი მწვრთნელიც და მთლიანად ეროვნული ნაკრები თვითკრიტიკულები ვართ და ბოლო 3 მატჩის გამო, ჩვენც უკმაყოფილოები ვართ. პირადად მე არც ფეხბურთელის კარიერის დროს და არც შემდეგ, არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მე პირადად არ მახსენდება მწვრთნელი, რომელსაც ასეთი სტატისტიკა ჰქონდა: ოფიციალურ მატჩებში 8 გამარჯვება და 2 ფრე.

რაც შეეხება სასტუმროს, მინდა ვთქვა, რომ მართალია, გუნდი ქალაქის ცენტრში და საკმაოდ ხმაურიან ადგილასაა განთავსებული, მაგრამ ეს მათთვის პრობლემას არ ქმნის: სავარჯიშო და სათამაშო მოედნები ძალიან ახლოსაა, ასევე ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების წინ ყველაფერი დაათვალიერეს და თანხმობა განმიცხადეს.

ტაილანდთან შეხვედრას რაც შეეხება, ევროპული ნაკრებები ამ ფანჯრის დროს შესარჩევ შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება აზიაში გვიწევს. უეფას შუამდგომლობით იქნა ტაილანდის ნაკრები ჩვენს მეტოქედ შერჩეული.

ჩვენი მიზანია, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით ქართველია, საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდეს. კონსტანტინე მარადიშვილის შემთხვევაში, FIFA კრძალავს ისეთი მოთამაშის სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშს, რომელიც 21-წლამდელთა გუნდში განსხვავებული ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა. მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ პრობლემა FIFA-ს წესია და ამ მიმართულებით მათ თანხმობას ველოდებით. რაც შეეხება ჯოვინო ფლამარიონს, FIFA-ს წესით, ნატურალიზებულ ფეხბურთელს 5 წლის განმავლობაში წყვეტის გარეშე ნათამაშები უნდა ჰქონდეს შიდა ჩემპიონატში, 3-თვიანი განათხოვრება კი მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს", - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 15-ში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები