Belive

"ახალი გუნდი ბუდუს საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს" - გერმანულ მედიაში ზივზივაძის ტრანსფერს ელიან

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანულ მედიაში, კერძოდ კი karlsruhe-insider.de-ში, საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობენ.

კონკრეტულად, სამხრეთელთა სიახლეების გამშუქებელი პლატფორმა განიხილავს ვერსიას, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ, დიდია შანსი ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალოს.

"სანაკრებო წარმატების შემდეგ, "კარლსრუეს" საუკეთესო ფეხბურთელის გუნდის შეცვლა სავარაუდოა. ახლა მასზე დიდი აქცენტი კეთდება. მართალია, ბუდუ ზივზივაძეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ სანაკრებო წარმატება მასზე მოთხოვნას ზრდის.

ბუდუ ზივზივაძის მიმართ არსებულ ინტერესს "კარლსრუეში" წარმატებულ თამაშთან ერთად ნაკრებში მიღწეული ისტორიული გამარჯვებებიც ზრდის. ქვეყანა მისი მადლიერი უნდა იყოს, რადგანაც ბუდუ მათ გასაოცარი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

სხვა გუნდები, რომელთაც ბუდუს დამატება სურთ, ფეხბურთელს მაღალ ანაზღაურებასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას შესთავაზებენ. მიუხედავად ამისა, კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ არსებობს. ყველაფერი "კარლსრუესა" და გუნდის მიერ სეზონის კარგად ჩამთავრებაზეა დამოკიდებული. გუნდი კარგ ფორმაშია და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო, მათ შორის გასულ ტურში ჩემპიონატის ლიდერთან. ასე უნდა გაგრძელდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირები ბუდუ ზივზივაძე და მისი გარემოცვა იქნებიან, რომელთაც ფეხბურთელისთვის ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი სურთ. მანამდე, დროა "კარლსრუეს" სეზონის დასკვნით ნაწილში ვუქომაგოთ", - წერენ გერმანულ მედიაში.

ბუდუ ზივზივაძეს "კარლსრუეს" შემადგენლობაში 2023/24 წლების სეზონში ყველა ტურნირზე, საერთო ჯამში 27 მატჩში აქვს ნათამაშები, 10 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები