Belive

აბუ დაბის გრანდ სლემი 2026 | ქართველების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

1 დღის წინ ქართული სპორტი
4 წთ

ძიუდოს მსოფლიო ტური გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ბრუნდება.

აბუ დაბის გრანდ სლემი 29-31 ოქტომბერს გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ.

საქართველოს ნაკრები აბუ დაბიში 9 სპორტსმენით წარდგება.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე დაიცავენ.

ტერაშვილი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბელგიელი - აბდულ მალიკ უმაიევი იქნება. მათ შორის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქე კი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.

გიორგი ჩიხელიძე D ბადეშია განთესილი, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც სლოვაკ - მარტინ ჰოიაკს შეხვდება. გამარჯვების შემთვევაში, მესამე რაუნდში, ქართველის მეტოქე, იტალიელი - ლეონარდო ვალერიანი იქნება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ - კოტე კაპანაძე და დიმიტრი გოჩილაიძე დაიცავენ.

კაპანაძე A ბადეში იჭიდავებს, სადაც მეორე რაუნდში ავსტრალიელ - კეიშენ ოჩის შეხვდება, ოჩის დამარცხების შემთხვევაში, კოტეს მეტოქე, ყირგიზურ-ბერძნულ დაპირისპირებაში გაირკვევა.

დიმიტრი გოჩილაიძე კი D ბადეში იასპარეზებს, სადაც მეორე რაუნდში, იტალიელ - ანტონიო ესპოსიტოს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, თურქი - ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) იქნება.

90 კგ

90 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ვლადიმერ ახალკაცი დაიცავს.

ახალკაცი D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ერთვება, სადაც რუსი მეტოქე - ასტემირ აბაზოვი ეყოლება. რუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე რაუნდში, ახალკაცი იტალიელ - კენი კომი ბედელს დაუპირისპირდება.

100 კგ

100 კგ-ში დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტატამიზე ვიხილავთ - ონისე სანებლიძესა და ნიკა ხარაზიშვილს.

ონისე სანებლიძე B ბადეშია განუთესავი და პირველივე რაუნდში, უკრაინელ - იაროსლავ დავიდჩუკს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩინელ - იაზე სონგს შეხვდება.

C ბადეში გამოვა ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც განთესილია და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბრაზილიელი - ვილგნერ მენდეში იქნება. ბრაზილიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე, უკრაინელი - ანტონ სავიცკი იქნება.

+100 კგ

მძიმე წონაში იჭიდავებენ - საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.

საბა ინანეიშვილი B ბადეშია განუთესავი და ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც ბრაზილიელ - ანდრე ჰუმბერტოს დაუპირისპირდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევეაში კი, 1/8-ფინალში, საბას მეტოქე აზერბაიჯანელი - ჯამალ გამზათხანოვი იქნება.

რაც შეეხება ირაკლი დემეტრაშვილს, ირაკლი C ბადეშია განთესილი და ბრაზილიურ-ავსტრალიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება, შემდეგ კი 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში, უკრაინელ - ევგენი ბალიევკის დაუპირისპირდება.

მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობა 12:00 საათიდან დაიწყება, მესამე საშეჯიბრო დღეს კი 11:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი, ორივე დღეს 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.