რამაზ სვანაძე: "უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ყველაფერი გავაანალიზეთ და მოსაგებად ვიბრძოლებთ"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიასთან შეხვედრის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას მართავს.
"განწყობა ძალიან კარგი და დადებითია. სხვანაირად არც შეიძლება, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი გვაქვს და შევეცდებით, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.
საბა საზონოვის ტრავმას ვაფასებთ, ვაკვირდებით და ჯერ არ ვიცით, როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას, ამას უშუალოდ მატჩის წინ გავიგებთ.
ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა, მათ შორის ის, რომ მიუხედავად პორტუგალიასთან დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგისა, ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ.
ერთობლიობა, გუნდური სულისკვეთება და რწმენა, რომელსაც ყველა ფეხბურთელს ახალგაზრდულ ნაკრებში მოსვლის დღიდან ვნერგავთ. ეს ფსიქოლოგიური მომზადება და რწმენა გვეხმარება მეორე ტაიმის უკეთ ჩატარებაში.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. წინა მატჩში, ძირითად დროში დარჩენილ 2 წუთში ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასვლასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ის მატჩი წავაგეთ. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, გავიაზრეთ რაც მოხდა, ახლა კი ვემზადებით შემდეგი მატჩის მოსაგებად.
ძალიან ბევრი ადამიანის დიდმა შრომამ ჩვენი გუნდის სტაბილურობა მოიტანა. გვსურს, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანოთ და ეს სტაბილურობა გავაგრძელოთ. გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ბევრჯერ ვითამაშოთ.
ლუკა ხარატიშვილი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და კარგი მეკარე, გუნდის სიმყარის ერთ-ერთი გარანტიაა. ის, თუ როგორი სტილით გვიწევს თამაში, დაცვასა თუ შეტევაში, დამოკიდებულია მეტოქის ხარისხზე, სათამაშო სტილსა და მომზადებაზე. ეს ბიჭები, მიუხედავად ხვალინდელი ანგარიშისა, უკვე არის ის თაობა, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ეს წარმატება არა საპრიზო ადგილი, არამედ რწმენაა, რომელსაც გუნდი ახალგაზრდა თაობებს უღვიძებს", - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდს 17 ივნისს, ტრენჩინში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.