Belive

უოტფორდის გეგმები | ჩისკო რჩება, გუნდი ეშლი იანგით ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ბრიტანული მედიის თანახმად, "დინამო თბილისის" ყოფილ მწვრთნელს და ამჟამად, "უოტფორდში" მომუშავე ჩისკოს, გუნდი სრულ ნდობას უცხადებს. ესპანელმა გუნდის ხელმძღვანელობის იმედები სრულად გაამართლა და "უოტფორდი" პრემიერ ლიგაში დააბრუნა. სტატისტიკა კი ასეთია: 25 მატჩში, გუნდმა 17 მოგებას, 3 ფრესა და 5 მარცხს მოუყარა თავი (იგულისხმება თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩიც).  "უოტფორდში" ასეთი კულტურაა დამკვიდრებული: არავინ იცის, გუნდში ვინ რამდენი დროით გაჩერდება, ყველაფერი ხელმძღვანელობის სიმპათიასა და ანტიპათიაზეა აწყობილი. თუმცა ბრიტანული მედია წერს, რომ ჩისკოს შემთხვევა განსაკუთრებულია: მან გუნდში საბრძოლო, პოზიტიური განწყობა შექმნა და ხელმძღვანელობა მისდამი ნდობით განაწყო - გულშემატკივარი კი ელოდება, რომ "უოტფორდი" მომდევნო სეზონში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.
როდესაც “უოტფორდმა” გასული წლის დეკემბერში ჩისკო ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარადგინა, მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩისკო ის პიროვნება არ ყოფილა, რომელსაც გუნდის პრემიერ ლიგის გზაზე დაყენება შეეძლო, რადგანაც მას იქამდე ინგლისურ ფეხბურთში არასდროს უთამაშია. მართალია, ესპანელს გარკვეული დრო დასჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის, მაგრამ 4-3-3 ფორმაციის დანერგვამ გარკვეულწილად დადებითი შედეგები მოიტანა", - ვკითხულობთ GiveMeSport-ზე.
ცნობილია, რომ ჩისკოს უეფა-ს პრო ლიცენზია არ აქვს აღებული, თუმცა კლუბის განცხადებით, ესპანელი უკვე დარეგისტრირდა შესაბამის, 18-თვიან კურსზე და შესაბამისად, ამ პერიოდში მას სამწვრთნელო საქმიანობა არ შეეზღუდება. ჩისკომ "უოტფორდთან" კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში გააფორმა - "დინამო თბილისიდან" ჩემპიონშიპში გადასვლა ნამვდვილი ტრამპლინი იყო. საინტერესოა, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ესპანელი სპეციალისტი მომდევნო სეზონში და იქნება თუ არა ცვლილებები

მეკარე

სავარაუდოდ, კარის უსაფრთხოებაზე დანიელ ბახმანი იზრუნებს - ავსტრიელმა 22 მატჩში კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. მისი კონკურენტი გამოცდილი ბენ ფოსტერი იქნება, რომელსაც "უოტფორდთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. ასევე მოსალოდნელია, რომ "უოტფორდი" რობ ელიოტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, რომელმაც გუნდში საიმედო მოთამაშის სტატუსი დაიმსახურა და ფოსტერის წასვლის შემდეგ, ძირითად შემადგენლობას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება.

მცველები

უილიამ ტრუს-ეკონგმა და ფრანსისკო სიერალტამ "უოტფორდს" ახალი ენერგია შემატეს - მათი ლიდერული და მებრძოლი თვისებები იყო იყო, რაც გუნდს პრემიერ ლიგაში გადასასვლელად ჰაერივით სჭირდებოდა. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა - სასტარტო თერთმეტეულში თამაშზე პრეტენზიას კრეიგ კათჰარტი, კრისტიან კაბასელე და ბენ უილმოტიც აცხადებენ. გასულ ზაფხულში, მარჯვენა მცველს, კიკო ფემენიას, გუნდიდან წასვლა სურდა, მაგრამ წინ სულ სხვა გამოწვევაა: იგი პრემიერ ლიგაში ითამაშებს და ამასთან ერთად, მას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს: ეს პოზიცია ადამ მასინას აქვს ჩაბარებული, თუმცა ხშირად ისმის საუბარი იმ თემაზე, რომ გუნდს შესაძლოა გამოცდილი ფეხბურთელი, ეშლი იანგი დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ იანგი ზაფხულში 36 წლის ხდება, ჩისკოს პრემიერ ლიგაში სათამაშოდ გამოცდილი ფეხბურთელის დამატება ესაჭიროება.

ნახევარმცველები

"უოტფორდს" გეგმაში აქვს, რომ უილ ჰიუგსსა და ნათანილ ჩალობას კონტრაქტები გაუხანგრძლივოს - ჰიუგსმა დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს, ჩალობა კი "ლესტერში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა გუნდმა მისი შენარჩუნება მოახერხა და კაპიტნის სამკლავურიც კი ეკეთა. გასულ სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა ტომ კლევერლი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს გატარებული. თუმცა დიდი ალბათობით, ნახევარდაცვის ხაზში გუნდს გაძლიერება დასჭირდება, რადგან "უოტფორდს" სათადარიგოთა სკამი საკმაოდ სუსტი ჰყავს.

თავდამსხმელები

ჩისკოს უმთავრესი პრიორიტეტი გუნდში ისმაილა სარის დატოვება იქნება. გასულ ზაფხულში, მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებოდნენ. ბრიტანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა სენეგალელის შეძენა ფრანგულ და გერმანულ კლუბებსაც სურთ, თუმცა "უოტფორდი" გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მიმდინარე სეზონში, სარმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 13 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ისმაილა სარი მარჯვენა ვინგერია, თუმცა მას კარგ ცენტრალურ ფორვარდთან შეწყვილება სჭირდება. გუნდში არის 19 წლის ჟოაუ პედრო, რომელიც ნიჭიერი ფორვარდია, თუმცა განსაკუთრებული შედეგიანობით ჯერჯერობით არ გამოირჩევა. ამავე პოზიციაზე თამაშობენ გუნდის კაპიტანი, ტროი დინი და ანდრე გრეი (ორივე მათგანს კონტრაქტი ეწურება), თუმცა გუნდს განახლება უდავოდ ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გუნდს იჯარის წესით რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული, მათ შორის არიან ახალგაზრდა კოლუმბიელი ფორვარდი კუჩო და "ბარსელონას" აღზრდილი დეულოფეო, რომლებიც, დაბრუნების შემთხვევაში, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

სხვა სტატიები