Belive

UFC 295-ზე ორი საჩემპიონო ბრძოლა გველის

5 თვის წინ სხვა
5 წთ

ნელ-ნელა მოგვიახლოვდა 12 ნოემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ UFC 295-მა კარზე მოგვიკაკუნა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ძალიან საინტერესო ბრძოლები გველის. თუმცა, გულშემატკივრების დიდი ინტერესი საღამოს მთავარი დაპირისპირებებისკენ არის მიმართული. "მედისონ სქვეარ გარდენი" ორ საჩემპიონო ბრძოლას უმასპინძლებს.

ბოლოს UFC-ის საღამო ამ საოცარ დარბაზში გასული წლის 12 ნოემბერს ჩატარდა, სადაც მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ისრაელ ადესანია და ალექს პერეირა დაუპირისპირდნენ. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ არენაზე კიდევ ერთხელ იბრძოლებს. ამჯერად, ბრაზილიელის მეტოქე ჩეხი ჟირი პროჰასკა იქნება. საღამოს თანამთავარი დაპირისპირება კიდევ ერთი საჩემპიონო შეხვედრა გახლავთ. მძიმე წონის დროებითი ქამრის მფლობელს ვინაობას ინგლისელი ტომ ასპინალსა და რუსი სერგეი პავლოვიჩი გაარკვევენ.

სერგეი პავლოვიჩი Vs. ტომ ასპინალი

სერგეი პავლოვიჩი და ტომ ასპინალი UFC 295-ზე ერთმანეთს მძიმე წონის დროებითი ქამრისთვის დაუპირისპირდებიან.

31 წლის პავლოვიჩი ნამდვილი ნოკაუტერია. UFC-ში მოპოვებული 6 გამარჯვებიდან ყველა პირველი რაუნდის ნოკაუტით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენი წელიწადზე მეტია დაუმარცხებელია. სიძლიერესთან ერთად, სერგეის უზუსტესი დარტყმებიც აქვს და ამ ყველაფერს მისი კარგი წვდომიც ემატება. ამის ფონზე პავლოვიჩი ინგლისელის წინააღმდეგ ფავორიტად ითვლება.

თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. ტომ ასპინალი მძიმე წონის ტალანტად ითვლება. 30 წლის მებრძოლი კარგი კრივით, მშვენიერი ჭიდაობით, მაღალი დონის გრეპლინგით, შესაშური ფეხების მოძრაობით და კარგი კოორდინაციით გამოირჩევა. ასპინალმა ბოლო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ინგლისელმა პირველი რაუნდის ნოკაუტით მარსინ ტიბურა დაამარცხა. მან UFC-ში ჩატარებული 7 ბრძოლიდან 6 მოგებით დაასრულა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ინგლისელის არცერთი ბრძოლა 2 რაუნდზე დიდხანს არ გაგრძელებულა.

ყველა ელოდა, რომ ეს დაპირისპირება ადრე თუ გვიან შედგებოდა. მძიმე წონის ორ ამომავალ ვარსკვლავს ერთმანეთთან აუცილებლად უნდა ეჩხუბა. აღსანიშნავია, რომ UFC 295-ზე მთავარი ბრძოლა სტიპე მიოჩიჩისა და ჯონ ჯონსის ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, ბრძოლა ჩაიშალა. დიდია იმის ალბათობა, რომ ამ წყვილში გამარჯვებული სწორედ ლეგენდარულ ჯონ ჯონსს შეხვდება.

ალექს პერეირა Vs. ჟირი პროჰასკა

ამ სპორტსმენების ჯახი გულშემატკივარში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. პერეირა და პროჰასკა UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლებად მიიჩნევიან. გარდა მათი საბრძოლო სტილისა, ამ აზრს მათი ცხოვრების სტილიც ამყარებს.

პროჰასკამ გასულ ზაფხულს სინგაპურში გლოვერ ტეიშეირასთან გამარჯვებით ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. თუმცა, ჩეხმა მხრის ტრავმის გამო, მისი დაცვა ვერ შეძლო და საკუთარი ნებით დათმო კიდეც. როგორც ხედავთ, "ჩეხ სამურაის" მოტივაცია არ აკლია იმისთვის, რომ პერეირა დაამარცხოს და კუთვნილი ქამარი დაიბრუნოს. ჟირის ძალიან შთამბეჭდავი მოგებების სერია აქვს. ის უკვე 13 ბრძოლაა დაუმარცხებელია და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დროზე ადრე დაასრულა.

თავის მხრივ, მოტივაცია არ აკლია ალექს პერეირასაც. დავიწყოთ იქიდან, რომ მისი მეგობრის - გლოვერ ტეიშეირას დამარცხების გამო, ბრაზილიელს შურისძიება სურს. გარდა ამისა, ალექსი წონის ყოფილი ჩემპიონია და ქამრის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. როგორც მოგეხსენებათ, "პოატანის" ბოლო ვიზიტი "მედისონ სქვეარ გარდენში" წარუმატებელი აღმოჩნდა. ისრაელ ადესანიამ, ალექსის წინააღმდეგ რევანში წარმატებით აიღო და საშუალო წონის ქამარიც შემოიხვია წელზე. ადესანიასთან მარცხის შემდეგ, პერეირა ოქტაგონზე კარგად დაბრუნდა. ბრაზილიელმა არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარულ იან ბლაჰოვიჩს მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მებრძოლი ნოკაუტის ნამდვილი მანქანები არიან, საკმაოდ განსხვავებული სტილი აქვთ. პროჰასკა მოულოდნელობით სავსეა, მეტად მოძრავია და კარგად შეუძლია იგრძნოს ბრძოლის ტემპი. გარდა ამისა. ჩეხს საკმაოდ კარგი საბრძოლო IQ და ალღო აქვს. პერეირა მეტად ჩამოყალიბებული და დაღვინებული სპორტსმენია. მისი საბრძოლო არსენალი კლასიკური კიკბოქსინგის ფუნდამენტებით შემოიფარგლება.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ UFC 295 12 ნოემბერს გამთენიისას გაიმართება. მთავარი ბრძოლები თბილისის დროით დაახლოებით 08:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები