Belive

UFC 270 | ორი საჩემპიონო ბრძოლის წინ ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი გავა

2 წლის წინ სხვა
8 წთ

UFC 270-ის ივენთი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული - ანაჰაიმში, "ჰონდას ცენტრი" მიმდინარე წლის რიგით მეორე ღონისძიებას უმასპინძლებს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებს, მეინ ქარდზე ორი საჩემპიონო ბრძოლის ხილვის შესაძლელობა აქვთ. ბრენდონ მორენო დეივესონ ფიგიერედოს დამარცხებას შეეცდება, ხოლო ფრენსის ნგანუ ყოფილი სპარინგ პარტნიორის - სირილ განეს დანოკაუტებას გეგმავს. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი გულშემატკივრისათვის საჩემპიონო ბრძოლების დაწყებამდე, პრელიმიც უდიდესი ინტერესის მატარებელია. UFC 270-ის ივენთზე ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ბრძოლის გამართვამდე 1 კვირით ადრე, რუსი მებრძოლი კორონავირუსით დაინფიცირდა და ღონისძიებას ჩაეხსნა. მოვსარ ევლოევს კანადელი შარლ ჟორდენი ჩაანაცვლებს. UFC 270-ის ივენთი 23 იანვარს, თბილისის დროით, 03:00 საათზე დაიწყება. ილია თოფურიას ოქტაგონზე 06:00 საათზე ვიხილავთ - 08:30 და 09:00 საათზე კი საჩემპიონო ბრძოლებია ჩანიშნული.

ფრენსის ნგანუ Vs. სირილ განე

UFC 270-ის მთავარი ბრძოლა ყოფილ თანაგუნდელებს შორის გაიმართება. მძიმე წონითი კატეგორიის (HEAVYWEIGHT) საჩემპიონო ბრძოლაში, ფრენსის ნგანუ (16-3) დაუმარცხებელი სირილ განეს (10-0) დანოკაუტებას გეგმავს, თუმცა მიმომხილველების მტკიცებით, წყვილში ფავორიტის სტატუსით განე სარგებლობს. ყოფილი თანაგუნდელები და სპარინგ პარტნიორები ბრძოლის წინ ე.წ "თრეშთოქს" არ ერიდებიან და ერთმანეთის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ორივე მებრძოლი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. UFC 260-ზე სტიპე მიოჩიჩის განადგურებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, "პრედატორი" დაბრუნდა და ყოფილი სპარინგ პარტნიორის სახით ოქტაგონზე ნაცნობი მეტოქის დამარცხებას გეგმავს. ნგანუს სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ 5 ბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ნგანუ მსაჯების გადაწყვეტილების იმედად არასდროს რჩება, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ხუთივე შემთხვევაში ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. უკანასკნელი 5 ბრძოლიდან, "პრედატორმა" 4 ბრძოლა პირველივე რაუნდში დაასრულა და მხოლოდ მიოჩიჩმა შეძლო მეორე რაუნდამდე გაძლება. "პრედატორს" ბრწყინვალე სტატისტიკა უმაგრებს ზურგს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქის სახით საკმაოდ ძლიერი ოპონენტი ჰყავს, რომელიც ორგანიზაციაში დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით სარგებლობს. განემ კამერუნელის სუსტი და ძლიერი მხარე კარგად იცის და "საბრძოლო გეგმა" სწორედ ამ ცოდნის გარშემო დასახა. სირილ განეს დებიუტი 2019 წლის აგვისტოში შედგა. UFC-ის რიგებში გატარებული 2.5 წლის განმავლობაში მან ისეთი სახელოვანი მებრძოლების დამარცხება შეძლო, როგორიცაა: ჟაირზინიო როზენსტრუკი, ალექსანდრ ვოლკოვი და ჯუნიორ დოს სანტოსი, ხოლო UFC 265-ის ივენთზე, განემ დერიკ ლუისი დაამარცხა და მძიმე წონითი კატეგორიის დროებითი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფრენსის ნგანუსა და სირილ განეს ბრძოლა თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, 2022 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ სანახაობად.

ბრენდონ მორენო Vs. დეივესონ ფიგიერედო

UFC 270-ის ივენთის კიდევ ერთ საჩემპიონო ბრძოლაში ბრენდონ მორენო (19-5-2) დეივესონ ფიგიერედოს (20-2-1) დამარცხებას შეეცდება. ორი უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მორენო და ფიგერიდო ტრილოგიის მესამე ბრძოლაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წყვილს შორის გამართული პირველი ბრძოლა 5-რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა. მეორე ბრძოლაში ბრენდონ მორენომ მოქმედი ჩემპიონი, დეივესონ ფიგიერედო მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი მექსიკელი ჩემპიონი გახდა. ფიგიერედო რევანშის აღებას UFC 270-ზე შეეცდება. აღსანიშნავია, რომ მიმომხილველების მტკიცებით, მორენო ფავორიტის სტატუსით სარგებლობს, ფიგიერედო კი "ანდერდოგია". უკანასკნელ პერიოდში მათი წონითი კატეგორია (FLYWEIGHT) სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს - მორენო და ფიგიერედო კი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედები არიან. ფიგიერედომ წარსულში აჩვენა, რომ ზომის უპირატესობა აქვს. ბრაზილიელის ბოლო ვარჯიშებში აშკარად ჩანს, რომ იგი რადიკალურად განსხვავებული მებრძოლია, თუმცა მორენომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არასდროს ეყრდნობა ზომასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს და მხოლოდ გულით მოქმედებს. უნარებმა და შესაძლებლობებმა შესაძლოა ბრძოლის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ "თეიქდაუნებია" - მორენო ყოველ 15 წუთში საშუალოდ 2.05 "თეიქდაუნს" ასრულებს, ხოლო ფიგიერედოს მაჩვენებელი 1.54-ს უდრის. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელს უპირატესობა სიზუსტეში აქვს (52% - 47%-ის საპირწონედ). ბრენდონ მორენოს კიდევ ერთი უპირატესობა მისი სისწრაფეა. 28 წლის მექსიკელ მებრძოლს სისწრაფე სოლიდურ უპირატესობას აძლევს, რის შედეგადაც შესაძლოა ფიგიერედოს წინააღმდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვოს.

ილია თოფურია Vs. შარლ ჟორდენი

ბუმბულის წონაში (FEATHERWEIGHT) დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი - ილია თოფურია (11-0) კანადელი შარლ ჟორდენის (12-4-1) "დაფინიშებას" და ორგანიზაციაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. თავდაპირველად თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ბრძოლის გამართვამდე 1 კვირით ადრე, ევლოევი კორონავირუსით დაინფიცირდა და ბრძოლას გამოეთიშა. ევლოევი კანადელმა შარლ ჟორდენმა ჩაანაცვლა. ივენთის გამართვის წინ, ილია თოფურია ამაღლებულ განწყობაზეა და ჟორდენთან დაპირისპირებას მოუთმენლად ელის. "მატადორი" მოწინააღმდეგის განადგურებით იმუქრება. El Espanol-თან საუბარში ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის არის გმირი, რომელიც მუდამ წინსვლას აგრძელებს.
მთავარი განსხვავება ლაჩარსა და გმირს შორის? ორივე მათგანს ეშინია, თუმცა ამ შიშს ორივე განსხვავებულად უმკლავდება”. მე გმირი ვარ, საკუთარ გრძნობებს ვუპირისპირდები და წინსვლას ვაგრძელებ. რა თქმა უნდა სისუსტეები მეც გამაჩნია, მაგრამ ვმუშაობ და ბრძოლის დროს მათ ვივიწყებ", - აღნიშნა ილია თოფურიამ. 
მიმომხილველების აზრით, წყვილში ფავორიტის სტატუსით ილია თოფურია სარგებლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი შარლ ჟორდენმაც გააკეთა. კანადელი მებრძოლის მტკიცებით, ის თოფურიას ბრძოლებს აკვირდებოდა და მისი სტილის მებრძოლები ძალიან მოსწონს. ამავდროულად ჟორდენს არ ესმის, რატომ ფიქრობენ, რომ იგი ქართველის წინაღმდეგ უშანსოდაა.

სხვა სტატიები