Belive

უბრალოდ საუკეთესო | მუჰამედ ალი დღეს 80 წლის გახდებოდა

2 წლის წინ სხვა
5 წთ

მუჰამედ ალი საუკეთესო იყო.  მებრძოლი რინგზე და მებრძოლი რინგს მიღმა, სისწრაფისა და სიძლიერის შეუდარებელი კომბინაციის მქონე, უფლებების დამცველი, ქარიზმატული, უდიდესი სპორტსმენი. ადამიანი, რომელმაც აშშ-ის არმიაში სამსახურზე უარი თქვა და ვიეტნამის ომში მონაწილეობა არ მიიღო. ამისი საფასური ჩამორთმეული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და სპორტთან 3-წლიანი განშორება გახლდათ. შედეგი კი საყოველთაო აღიარება იყო, რომელზეც ამ სტატიაში მოგიყვებით. "პეპელასავით მოფარფატე, ფუტკარივით მჩხვლეტავი" ალი არანორმალურად სწრაფი იყო: "მსოფლიოში არ არსებობს მძიმეწონიანი მებრძოლი, რომლის სისწრაფეც ჩემს შესაჩერებლად საკმარისი იქნება", - ამბობდა იგი.

...თუმცა, უდიდეს სპორტსმენთან ერთად, ალი თავმდაბალიც იყო



მუჰამედ ალი - რელიგიური სიმბოლიზმი

1964 წელს, მსოფლიო ჩემპიონმა და უკვე ისლამის მიმდევარმა კასიუს კლეიმ გამოაცხადა, რომ მისი ახალი სახელი მუჰამედ ალი იყო. "არ მინდა კასიუს კლეი მერქვას, ეს მე არ ამირჩევია. მე მუჰამედ ალი ვარ, ეს თავისუფლების სახელია", - თქვა მან. სახელი მას ელაიჯა მუჰამედმა შეურჩია. აშშ-ში ისლამური დაჯგუფების ლიდერის თქმით, კასიუს კლეის სახელი ღვთიურ სიმბოლიზმს იმსახურებდა. მისი გადაწყვეტილება ბევრმა გააპროტესტა და მედიაში კვლავ ძველი სახელით მიმართავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, კასიუს კლეის სახელი დავიწყებას მიეცა და ყველა მუჰამედ ალიზე ლაპარაკობდა. მომდევნო წლებში, ალი არამარტო მსოფლიო ჩემპიონი, არამედ ხალხთა ლიდერი, მისაბაძი მაგალითი გახდა. ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობდა უსამართლობისა და რასობრივი უთანასწორობის შესახებ. მან პირდაპირ ეთერში მოჰყვა ისტორია, რომ 1960 წლის ოლიმპიადაზე, 18 წლის ასაკში გაჩემპიონების შემდეგ, აშშ-ში დაბრუნებულს, სუპერმარკეტში მხოლოდ იმის გამო არ მოემსახურნენ, რომ მას შავი კანის ფერი ჰქონდა.

ყველაზე ძლიერი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ

1966 წლის მარტში, მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, აშშ-ის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადა და სპორტთან განშორება იძულებით მოუწია. იმ პერიოდში, ვიეტნამის ომს აშშ-ში მოწინააღმდეგეზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა. ამიტომ მისი მისამართით სიტყვა "მოღალატეს" ხშირად გაიგებდით.
"ვიეტკონგთან (ვიეტნამელი კომუნისტების შემოკლებული ფორმა) საომარი არაფერი არ მაქვს. ვიეტკონგი ნიგერს არ მეძახის. მშიერ ხალხს რა მიზეზით უნდა ვესროლო? მათ ჩემთვის ზიანი არ მოუტანიათ, წამიყვანეთ ციხეში", თქვა მან.
სპორტთან განშორების პერიოდს ალი საკუთარი სიმართლის დამტკიცებასა და საჯარო გამოსვლებში იყენებდა. "ჩემს ცხოვრებას ბოქსი არ აკლია, მათ მე ვაკლივარ. ჩემი მიზანი ადამიანების სულიერ ზრდაში მონაწილეობის მიღებაა. მინდა ადამიანები გავაერთიანო და ვუთხრა - სხვას ნუ ელოდებით, თავად დაეხმარეთ მას, ვისაც ეს სჭირდება. პატივი ეცით მათ, ვინც საკუთარ თავს არ აღიარებენ". მისმა განცხადებებმა, ალი მართინ ლუთერ კინგთან დააკავშირა: "ჩვენ მჩაგვრელი სისტემის მსხვერპლები ვართ. შესაძლოა, განსხვავებული რელიგიური შეხედულებები, მაგრამ საერთო ღირებულებები გვაქვს", - თქვა ალისთან შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა.

ცხოვრება კარიერის დასრულების შემდეგ

კარიერა 1981 წელს დაასრულა. იმავე წელს, ადამიანს, რომელიც ფანჯრიდან გადახტომას და თვითმკვლელობას ცდილობდა, მსოფლიოს ჩემპიონმა გვერდითა ფანჯრიდან მიმართა: "მე შენი ძმა ვარ, შენი დახმარება მინდა". სიცოცხლის დასრულების სურვილით შეპყრობილმა ახალგაზრდამ, მუჰამედ ალი სახეზე იცნო - იმ დღეს მსოფლიოში ერთით ნაკლები სუიციდი დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი საქმიანობა ალის სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი ნელსონ მანდელას მხარს უჭერდა და საქველმოქმედო პროგრამებში იყო ჩართული. ბედის ირონიით, ადამიანმა, რომელსაც რკინის მუშტი ჰქონდა, სიცოცხლე პარკინსონით დაასრულა, რომელიც მას გენეტიკურად ერგო. მუჰამედ ალის ტვინში ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება განუვითარდა, რომელიც ჯერ კიდურების უნებლიე მოძრაობით, საბოლოოდ კი გარდაცვალებით დასრულდა. თუმცა ლეგენდები არ კვდებიან. ისინი ცვლიან სამყაროს, იწვევენ მოძრაობებს, აღძრავენ ემოციებს და თაობებს შთააგონებენ. ალი სწორედ ის არის, ვისაც დიდი სპორტსმენი ჰქვია - ადამიანი, რომელიც მოედნის მიღმა მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო და ამას არა ხელოვნური ექსცენტრიკულობით, არამედ ბუნებრივი, შინაგანი ენერგიით ახერხებდა. ალი უკვდავია და დღეს მას 80 წელი შეუსრულდა.

სხვა სტატიები