"წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელება უდიდესი მიღწევა იქნება" - მერაბ დვალიშვილი
UFC 320-ის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ზედიზედ მესამედ დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც UFC-ის ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია. მანქანამ 20 წარმატებული გდებაც შეასრულა და პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ამ კომპონენტში 100-იან ნიშნულს გადააჭარბა (117).
UFC 320-ზე დომინაციის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს პრესკონფერენციაზე წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მერაბმა უპასუხა, რომ ეს მისთვის უდიდესი მიღწევა იქნება.
რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უდიდესი მიღწევა იქნება. მე უბრალოდ მადლიერი ვარ, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და აფასებს ჩემს შრომას. იმედია ეს იქნება მოტივაცია ყველასთვის, რომ თავდაუზოგავად იშრომონ. UFC-ში ჩემი პირველი ორი ბრძოლა წავაგე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი ვიშრომე და ახლა აქ ვარ. ასე, რომ განაგრძეთ შრომა, განაგრძეთ გაუმჯობესება და ყველაფერი შესაძლებელია. - მერაბ დვალიშვილი.
Merab Dvalishvili says being named Fighter of The Year would mean a lot. #UFC320
— Cageside Press (@Cagesidepress) October 5, 2025
🎥🎙️: @DoubleGonTV pic.twitter.com/h0bFnCDnrX
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. მანქანამ უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) უამრავი მიმომხილველის აზრით, დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.
მერაბ დვალიშვილმა მომდევნო ბრძოლის შესახებაც ისაუბრა და სასურველ მეტოქედ პიოტრ იანი დაასახელა - მანქანას 2025 წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს.