Belive

ტოჩინოშინი: "ჩემი მთავარი მოტივატორი რწმენაა"

5 წლის წინ სხვა
5 წთ
9 სექტემბერს, შემოდგომის აკი ბაშო აიღებს სტარტს, სადაც ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. 9 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, Live.ge-ს ფეისბუქ გვერდზე უყურეთ სუმოს პირდაპირ ტრანსლაციას და უგულშემატკივრეთ ქართველ გოლიათს. აკი ბაშომდე ერთი დღით ადრე კი წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ტოჩინოშინისთან, რომელიც დღეს გამთენიისას ჩავწერეთ, ლევანს ინსტაგრამის მეშვეობით ვესაუბრეთ და მან მოახლოებულ ბაშოზე, შრომის მნიშვნელობაზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. P.S - სტატიის ბოლოს იხილეთ ინტერვიუში ნახსენები სუმოს ტერმინოლოგიის განმარტება როგორ მიდის ფეხის მყესის რეაბილიტაციის პროცესი და რა ფორმაში ხვდებით კარს მომდგარ აკი ბაშოს? - სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოვირჩინე ფეხის ტრავმა, მაგრამ ბაშოს გამოტოვებას ვეღარ შევძლებ, ამ ბაშოს თუ გამოვტოვებ ოძეკის წოდებას დავკარგავ. რა არის მოახლოებული აკი ბაშოს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი ტოჩინოშინისთვის? იუშოს მიღების შემთხვევაში, ფიქრობთ თუ არა რომ მიიღებთ ცუნატორის სტატუსს? - მინიმუმ 8-7 ბალანსი მჭირდება ამ ბაშოზე რომ ოძეკის სტატუსი შევინარჩუნო, მაქსიმუმზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან სამწუხაროდ ტრამვამ ძალიან შემიშალა ხელი კარგად მომზადებაში და ამის გამო ისეთ ფორმაში არ ვარ, როგორც წინა ბაშოზე ვიყავი. როგორ გესახებათ საქართველოში სუმოს განვითარების პერსპექტივები, თუნდაც თქვენი პირადი წარმატების მაგალითს შეუძლია თუ არა სხვა, ახალგაზრდა პერსპექტიული სუმოტორების წარმოჩენა? - ვფიქრობ ახლო მომავალში საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები, რომ მეტმა სპორტსმენმა ივარჯიშოს და მეტი წარმატებები ჰქონდეთ ბიჭებს. ჩამოგვითვალეთ თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეები და რომელ სუმოტორს გამოარჩევდით მათგან? - ჩემთვის უხერხული მეტოქეები, პატარა ტანის სუმოისტები არიან. თქვენი ახალგაზრდობის სამაგალითო სპორტსმენები ვინ იყვნენ? - ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი! ხერგიანს იმიტომ გამოვარჩევდი სხვა სპორტსმენებისგან, რომ ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი სპორტსმენი იყო ჩემ დროს და მინდოდა მეც მასავით მშრომელი ვყოფილიყავი. მეც მათ მაგალითზე, მათთან ერთად ვიზრდებოდი რა თქმა უნდა ძიუდოს სფეროში. როგორია ტოჩინოშინის ერთი ჩვეულებრივი დღე ბაშოს მიმდინარეობისას და ბაშოს გარეშე? - ყოველ დილას 6 საათზე ვდგები, ვარჯიშს 7-ზე ვიწყებ და დაახლოებით ოთხი საათი ვვარჯიშობ. შემდეგ ვიბანთ, საჭმელს ვჭამთ და დალაქი თმას გვიკეთებს. შუადღეს როცა დრო მაქვს, ვცდილობ დავისვენო და დახარჯული ენერგია აღვიდგინო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი მომენტები იშვიათია. თითქმის ყოველდღე მიწევს სხვადასხვა სპორტსმენებთან შეხვედრებზე სიარული და ღონისძიებებზე წასვლა. ბაშოს რაც შეეხება, დილას პატარა ვარჯიში და შემდეგ მთელი დღე ჩართული ვარ ბაშოზე საჭიდაოდ. დაახლოებით რამდენი წელი ფიქრობთ კარიერის გაგრძელებას და აპირებთ თუ არა მომავალშიც სუმოს დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება, გახსნათ საკუთარი ჰეია ან რაიმე მსგავსი? - სადამდეც ჩემი ორგანიზმი გაუძლებს ტრავმებს და დატვირთვებს, ვაპირებ ბოლომდე დავიხარჯო და კიდევ გავახარო ჩემი გულშემატკივარი. სპორტის მერე რაც შეეხება ჩემს მომავალ ცხოვრებას, ჯერ არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ დავბრუნდები საქართველოში. თქვენი მთავარი მოტივატორი რა არის დოჰიოზე გასვლის წინ? - ჩემი მთავარი მოტივატორი რწმენაა. რწმენა რომელიც მაძლევს ძალას დოჰიოზე გამოსვლის დროს და არა მარტო დოჰიოზე, ყველგან. სუმოს ტერმინოლოგიის განმარტება:
  • აკი ბაშო - სუმოს შემოდგომის ტურნირი, რომელიც სექტემბრის მეორე კვირა დღეს იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გრძელდება.
  • ოძეკის წოდება - ოძეკი ჩემპიონს ნიშნავს და იერარქიით მეორე ტიტულია, მის ზემოთ მხოლოდ იოკოძუნაა (დიდი ჩემპიონი).
  • იუშოს მიღება - გამარჯვება ბაშოზე.
  • ცუნატორის სტატუსი - იოკოძუნობის პრეტენდენტად წარდგენა
  • სუმოტორი - იგივე სუმოისტი
  • ჰეია - პირდაპირი თარგმანი ოთახია, თუმცა ნიშნავს დარბაზს სადაც სუმოტორები ვარჯიშობენ.
  • დოჰიო - სუმოს ასპარეზობის მოედანი.

სხვა სტატიები