სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია
5 წლის წინ
სხვა
2 წთ
რა პრინციპით, რამდენი ხნით და რატომ კიდებენ მებრძოლთა პოსტერებს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში?
იმისათვის, რომ სუმოისტის გიგანტური პორტრეტი (პოსტერი) აღმოჩნდეს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში, ის ბოლო 32 ბაშოდან ერთ-ერთის, უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის გამარჯვებული უნდა იყოს. პოსტერი ტოკიოს საბრძოლო ცენტრს 32 ბაშოს გასვლის შემდეგ "ემშვიდობება", იაპონური სუმოს ასოციაციის წარმომადგენლები პოსტერს ხსნიან და საჩუქრად უგზავნიან სკოლებს, ტაძრებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს.
სამი მებრძოლის - ვაკანოჰანას, მუსაშიმარუსა და მიენოუმის გიგანტური პორტრეტები რიოგოკუს რკინიგზის სადგურშია განთავსებული, ახლახანს ჩამოთვლილ სამეულს მეოთხე, გენიალური და ბრწყინვალე იოკოძუნა ჩიონოფუჯიც დაემატა.
ამჟამად რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში ჩემპიონობის აღმნიშვნელი პოსტერების ნახევარი ჰაკუჰოს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გიგანტურ პორტრეტზე ტოჩინოშინიცაა გამოსახული, რაც 2018 წლის იანვრის ბაშოს ჩემპიონობითაა განპირობებული.
პოსტერზე გამოსახული მებრძოლი სტანდარტულად საკუთარი კენშო-მავაშითაა შემოსილი. ერთადერთი პრეცედენტი, რომელიც მხოლოდ მავაშით იყო გამოსახული ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ გახლდათ.
2014 წლამდე შავ-თეთრ პოსტერებს სუზუე სატო ზეთის საღებავებით აფერადებდა, ის არის იაპონელი ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი ხელით 62 წლის მანძილზე აკეთებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ის აღნიშნულ საქმიანობას ვეღარ ეწევა, იაპონელები შავთეთრი პოსტერების ნაცვლად ციფრულ ფერად ფოტოებზე გადავიდნენ.