Belive

აკი ბაშო – დღე 10: ტოჩინოშინისა და გაგას მდგომარეობა და ლიდერთა სია

4 წლის წინ სხვა
4 წთ
8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა – “აკი ბაშომ”. აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს, თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ კი ჯურიოს ქვედა ნაწილშია და აუცილებლად ნორმალური ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რათა ჯურიოს დივიზიონიდან გავარდნის საშიშროება არ დაემუქროს. ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო “მონოის” (მონოი – მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. მე-6 დღეს ტოჩის მეტოქე ტამავაში გახლდათ, რომელმაც ლევანის ბარიერი წარმატებით დაძლია. რაც შეეხება მე-7 საბრძოლო დღეს, ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშო გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურმა სასურველი სუმოს ჩვენება ვერ მოახერხა და დამარცხდა. ქართველმა ოძეკიმ მე-8 დღეს შოდაი, მე-9 დღეს ენდო და მე-10 დღეს ჩიოტაირიუ მიჯრით დაამარცხა და კადობანიდან ამოსვლის შანსები ერთი ორად გაზარდა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 5 მოგება და 5 მარცხია, კიდევ 3 გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი კადობანიდან ამოვა და ოძეკის წოდებას სულ მცირე 2 ბაშოთი გაიხანგრძლივებს. თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის მინიმალური უარყოფითი ბალანსით ასპარეზობს, ის ჯურიოს მე-10 ნომერია და ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ან დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს ან მინიმალური უარყოფითი, მაგალითად 7:8. ამჟამად თეიმურაზ ჯუღელის ბალანსი 3 მოგება და 7 მარცხია, სამწუხაროდ გაგა სასურველ შედეგს ვერ აფიქსირებს, კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში მას უარყოფითი ბალანსი გაუფორმდება. მე-11 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია – ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკე ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც 10 მოგება უნდა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად. ტაკაკეიშო ტოჩისათვის ერთობ უხერხული მეტოქეა, ამავდროულად ის მე-10 დღის ბოლოს ბაშოს ლიდერია 8 მოგებითა და 2 მარცხით. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს 2:6-ზეა ტაკაკეიშოს სასარგებლოდ. გაგამარუს მეტოქე კი ჯურიოს მე-13 ნომერი ირიდორი იქნება, რომელსაც 4 მოგება და 6 მარცხი აქვს. მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა. მე-5 დღეს შემოდგომის რიგით პირველი სუპერტურნირი იოკოძუნას გარეშე დარჩა - აკი ბაშოს იოკოძუნა კაკურიუც გამოაკლდა. მე-10 დღის ბოლოს მაკუუჩი დივიზონს 5 ლიდერი ჰყავს:   მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია: 8 მოგება: სეკივაკე მიტაკეუმი სეკივაკე ტაკაკეიშო მე-2 მაეგაშირა ასანოიამა მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი მე-10 მაეგაშირა მეისეი 7 მოგება: მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო 6 მოგება: ოძეკი გოეიდო კომოსუბი აბი კომოსუბი ენდო მე-11 მაეგაშირა ენჰო მე-12 მაეგაშირა შოჰოზანი მე-15 მაეგაშირა იშიურა მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამა   სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ტრადიციულად, Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.

სხვა სტატიები