Belive

ზუკა რურუა: "ბიჭებმა ყველა დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულეს, გუნდმა განსაკუთრებული სულისკვეთებით ითამაშა"

3 წლის წინ სხვა
2 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" საკმაოდ გამოცდილი გუნდი, "იადრან ჰერცეგ-ნოვი" - 11:8 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ისტორიული შეხვედრის შემდეგ, Live.ge "დინამოს" ახალ მწვრთნელს ზუკა რურუას ბუდაპეშტში დაუკავშირდა, რომელმაც ტრავმის გამო აქტიური სპორტიდან დროებით პაუზა აიღო და ახალ ამპლუაში პირველი შეხვედრის მოგება მოახერხა. რურუამ შთაბეჭდილებების და ემოციების შესახებ ისაუბრა და კომენტარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა. "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მონტენეგროს ჩემპიონს და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დავუპირისპირდით. მათ სულ რაღაც 2 წლის წინ ევროპის თასის ფინალში აქვთ ნათამაშები. ცხადია, ამ წყვილში ფავორიტად არ მივიჩნეოდით, თუმცა ჩვენმა გუნდმა შეძლო და ყველა ის დავალება, რაც ბიჭებს ჰქონდათ მიღებული, უმაღლეს დონეზე შეასრულა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ბიჭები დღეს განსაკუთრებული სულისკვეთებით თამაშობდნენ. ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს. სწორედ ამით ვარ ბედნიერი და კმაყოფილი. ეს გუნდი ჩემთვის უცხო არ არის. ამ ბიჭებთან ერთად მაქვს მრავალი წელი გატარებული და ეს ჩემთვის შინაურული გარემოა. რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე გადასვლა მარტივი არასდროს არის, თუმცა მაქვს ამბიცია, რომ ახალ საქმიანობასაც თავი კარგად გავართვა. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. რაც შეეხება თამაშს, ვნახოთ, ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ტრავმის მოშუშებას მარტივად მოვახერხებ, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება შემდეგ უფრო იოლი იქნება", - თქვა Live.ge-სთან საუბრისას ზუკა რურუამ.

სხვა სტატიები