Belive

უკრაინელი წყალბურთელი მარიუპოლში დაიღუპა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
რუსეთის ე.წ. „სამხედრო ოპერაციას,“ რეალურად კი უკრაინაში უკანონო შეჭრას, მორიგი ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინის წყალბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ევგენი ობედინსკი, მარიუპოლში დაიღუპა. უკრაინული მედიის თანახმად, ობედისნკის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა მოგვიანებით გაიგო, რადგან ალყაშემორტყმული მაროუპოლიდან ცნობები გვიან ვრცელდება. 39 წლის სპორტსმენის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა მამამ, ალექსანდრ ობედისნკიმ გაავრცელა.
„ჩემს შვილს სიცოცხლე უყვარდა, არასოდეს ნებდებოდა და ნებისმიერ სირთულეზე ერთი პასუხი ჰქონდა - „ნუ ნერვიულობ მამა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“. ჩვენ გვქონდა ძალიან ახლო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, ერთმანეთს უზომოდ ვენდობოდით. საშინელ ტკივილსა და აღუდგენელ დანაკარგს ვგრძნობ", - დაწერა Facebook-ზე ალექსანდრ ობედინსკიმ.
მარიუპოლში დაღუპული სპორტსმენი სპორტის ოსტატი, "ილიჩივეტსის" მრავალგზის ჩემპიონი და უკრაინის ნაკრების კაპიტანი იყო. 3 შვილის მამას მებრძოლ, დაუღალავ და შეუპოვარ მოთამაშედ ახასიათებდნენ. რუსული აგრესია მარიუპოლში არ ჩერდება - მდგომარეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაშია გადაზრდილი. კრემლის დავალებით, რუსი ოკუპანტები შეუიარაღებელ, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს შეფასებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 5,000-ს აღწევს, მათ შორის ბავშვებიც არიან. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩენილი ალყაშემორტყმული ქალაქიდან სიცოცხლის ფასად თავის დაღწევას კი მოსახლეობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ახერხებს.