Belive

გიორგი ცხოვრებაძე: "მინდა, ევროპამ ჩვენი ძალა დაინახოს"

11 თვის წინ სხვა
7 წთ

ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ შეხვედრაში, ტიტე კალანდაძის ნაკრებმა, უძლიერესი უნგრეთის ნაკრები ანგარიშით 30:31 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი პენალტი, უკვე დასრულებულ დროზე, ფრანგული "მონპელიეს" მარჯვენა ინსაიდმა, გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. სანაკრებო წარმატებისგან მიღებული ემოციებისა და საკლუბო კარიერის ახალი გამოწვევების შესახებ, 22 წლის მოთამაშე belive.ge-ის ესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა. 16 წლის ასაკში, საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ გუნდში მოხვდა. ეს იყო დიდი გამოცდილების დასაწყისი, თუმცა არასაკმარისი სათამაშო დრო მისი მუდმივი თანმდევი პრობლემა იყო.

გასულ სეზონში, შვეიცარიულ "ვინტერტურში" იყო განათხოვრებული, მომდევნო სეზონიდან კი გერმანულ "გუმერსბახს" შეუერთდება. ამბობს, რომ ფორმის შენარჩუნების მიზნით ბევრს შრომობს, მისი მონდომება კი შედეგშია ასახული - 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა (6 მატჩში 42 გოლი).

უნგრეთთან გატანილ გოლს უამრავი ემოცია მოჰყვა, რომელიც გულშემატკივარმა ჯერ პირდაპირ ეთერში, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში იხილა. თუმცა ეს დრამატიზმი თავად საქართველოს ნაკრების მიერ იყო გამოწვეული: ჩვენი გუნდი უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან, მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც თავიდანვე იყო მიჩნეული, რომ ჯგუფის ლიდერი უნგრეთი იქნებოდა. მე-2 ადგილისთვის, ჩვენს ნაკრებს შვეიცარიასთან უნდა ებრძოლა, რომელთანაც ორივე მატჩი დათმო, თუმცა ლიეტუვასთან მოგებული 1 მატჩი საქართველოს აძლევდა შანსს, რომ მე-6 ტურში, უნგრეთის ძლევის შემთხვევაში, სენსაცია მოეხდინა და საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოხვედრილიყო.

და ასეც მოხდა: უკანასკნელ წუთებში, ფაქტობრივად წაგებული მატჩი, საქართველოს ნაკრებმა შემოატრიალა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად გაინაღდა.

გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად ემზადები და იცი, რომ გამარჯვება თუ მარცხი შენი პასუხისმგებლობაა. გაიხსენე, რა იგრძენი პენალტის შესრულებამდე და მის შემდეგ?

საერთოდ არ მინერვიულია. არაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა. გამახსენდა კვიპროსთან ვერგატანილი პენალტი, თუმცა ეს ჩვენი დღე იყო. გოლი ყველას გვსურდა, ეს ჩემი კი არა, მთელი საქართველოს პენალტი იყო.

თითქოს, როდესაც მოგებას სადაც უფრო მეტად ველოდით, ნაკრებმა იქ განიცადა ფიასკო. უნგრეთთან მატჩს გუნდი რა მოლოდინით შეხვდა?

ასეთი შემართება გვქონდა: თუკი ამ ეტაპზე ვართ, ესე იგი შეგვიძლია, გვაქვს შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. თამაშის დაწყებამდე ბევრი ვისაუბრეთ. არ იგრძნობოდა შიში, პირიქით, ვამბობდით, რომ მაგრები ვართ და გვინდა პირველობა.

ვიგრძენით თავდაჯერებულობა - ევროპის ჩემპიონატის საგზური ხელში გვქონდა, უბრალოდ კარი უნდა გაგვეღო და ნაბიჯი ერთად გადაგვედგა. გუნდურობა იგრძნობოდა და სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თითქოს, უნგრეთმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, არადა ასე არ ყოფილა, მხოლოდ 2 მოთამაშე აკლდათ.

ეს არის შედეგი, რომელიც ხელბურთელთა რამდენიმე თაობისთვის საოცნებო იყო. როგორ შეაფასებ განვლილ პროგრესს?

ფაქტობრივად, შეკრებისთვის დრო არ გვქონია. ბოლო პერიოდში, ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და ტრავმის გამო რამდენიმე თანაგუნდელი გამოგვაკლდა. მოთამაშეთა უმეტესობა გუნდს მატჩის წინა დღეს უერთდება, რომ 1-2 ვარჯიში მოასწროს. ფაქტობრივად, არაფრისგან შევქმენით წარმატება.

თუკი წარმატება არაფრისგან შეიქმნა, მაშინ რამ განაპირობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?

ჩვენი მწვრთნელისგან, ტიტე კალანდაძისგან წამოვიდა ყველაფერი. ჩვენი შედეგის 80% მისი დამსახურებაა. ტიტემ იცის თავისი საქმე, როგორც მწვრთნელმა და როგორც ადამიანმა. ყოველთვის ითვალისწინებს მოთამაშეების აზრს და მარტივია მასთან კომუნიკაცია.

ამასთან ერთად, ინდივიდუალურობის საკითხიც გასათვალისწინებელია. ჩვენი ნაკრების უფრო და უფრო მეტი მოთამაშე მიდის ევროპაში სათამაშოდ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ვვითარდებით, ვიზრდებით და გამოცდილებაც თანდათანობით მოდის. ჩემი და ყველას სურვილია, რომ ამ მიღწევას არ ჩამოვცდეთ. ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით და თუკი ეს ერთხელ მაინც მოხდა, რატომ არ შეიძლება რომ იგივე განმეორდეს?

შენი პროგრესი თვალსაჩინოა. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბომბარდირთა დავაში, პირველი ადგილი დაიკავე. მითუმეტეს, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, "გუმერსბახთან", 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმე, რომელსაც ზაფხულში შეუერთდები. საინტერესოა შენი აზრი - როგორ მიმდინარეობს გიორგი ცხოვრებაძის საკლუბო კარიერა?

სამწუხაროდ, მიმდინარე წელს "მონპელიესთან" ერთად ბევრს არ ვთამაშობ, მაგრამ გასულ სეზონში, ტრავმების მიუხედავად, ძალიან კარგი სეზონი მქონდა. ვთამაშობდი შვეიცარიაში, სადაც, "პფადი ვინტერტურთან" ერთად, ფინალში ვითამაშე.

"მონპელიეში" ძალიან დიდი მოთამაშეები არიან, მძაფრი კონკურენციაა. ჩემი პირადი სურვილია, რომ სათამაშო დროის ნაკლებობის მიუხედავად, მაქსიმალურად კარგი ფორმა შევინარჩუნო. მომავალ წელს ბუნდესლიგაში გადავდივარ და იქ უკვე სხვა მიზნები მაქვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა მოდუნებული ვარ - როგორც კი ჩემს გუნდს დავჭირდები, 100%-ით დავიხარჯები.

როგორი ნაბიჯია "გუმერსბახში" ტრანსფერი?

ბუნდესლიგა საუკეთესო ლიგაა ხელბურთში. ამაზე მაღალი დონე უბრალოდ არ არსებობს. ჩემნაირი ახალგაზრდა მოთამაშესთვის, 4-წლიანი კონტრაქტი ძალიან მაგარი ნაბიჯია, ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

10 მაისს, ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ვის ისურვებდი მეტოქეებად?

ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ შეგვიძლია გრანდებთან თამაში. სასიამოვნო იქნება, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან გამოვცადოთ ძალა, მაგალითად დანიასთან, საფრანგეთთან. მიდნა, ევროპამ ჩვენი ძალა და მონდომება დაინახოს. რა თქმა უნდა, თუკი უფრო იოლი მეტოქეები შეგვხვდება, მეტი მატჩის ჩატარების შანსები იზრდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ შევხვდეთ ძლიერ გუნდებს, რომ უფრო და უფრო მეტად განვვითარდეთ.

სხვა სტატიები