Belive

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფის ლიდერს დაუპირისპირდება | პრევიუ

1 წლის წინ სხვა
3 წთ
„დინამო თბილისი“ იტალიის ქალაქ ბრეშაში იმყოფება - 30 მარტს, თბილისის დროით 22:30-ზე, წყალბურთელები ჯგუფის ლიდერთან, „ბრეშასთან“ იასპარეზებენ. უნდა ითქვას, რომ თბილისურ კლუბს ურთულესი შეხვედრა ელოდება - იტალიის მოქმედი ჩემპიონი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში, „ბრეშა“ „სიკვდილის ჯგუფის“ სათავეში მოექცა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორობაზეც აცხადებს პრეტენზიას.

მოკლედ, ბრეშას შესახებ

10 მატჩში 7 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი - ასეთია იტალიელთა შედეგი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, 5 მატჩში „ბრეშას“ 11 ქულა აქვს მოპოვებული (3მ, 2ფ) და ლიდერ „პრო რეკოს“ 1 ქულით ჩამორჩება (ეს უკანასკნელი წინ დანაკარგის გარეშე მიიწევს და 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული).

სეზონის ბოლოს, „ბრეშა“ რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ დატოვა (ვლაჰოპულოსი, „ნოვი ბეოგრადში“, დელ ლუნგო „პრო რეკოში“, კანელია „პრო რეკოში“), თუმცა შემადგენლობა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით გაძლიერდა. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების წევრი ბორის ვაპენსკიც, რომელიც გასულ წელს, „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა. ვაპენსკის ნეკნი აქვს გატეხილი, რის გამოც "დინამოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, დანაკლისის ფონზე, იტალიურ კლუბში "დინამოს" წინააღმდეგ მატჩს სიფრთხილით ეკიდებიან.
"დინამოსთან მატჩში მოპოვებული 3 ქულა ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. გუნდი დაუღალავად ვარჯიშობს, მოთამაშეების მონდომებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი ამოცანაა, უკნიდან ძლიერად ვითამაშოთ და სიფრთხილე შეხვედრის ბოლომდე შევინარჩუნოთ", -განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სანდრო ბოვომ.

რაც შეეხება დინამო თბილისს

როგორც იცით, "დინამო თბილისი" ე.წ. "სიკვდილის ჯგუფშია" წარმოდგენილი - A და B ჯგუფებს შორის ძალთა თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია და A ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის მოგების 5 პრეტენდენტია თავმოყრილი. მეტსაც გეტყვით, "ფერენცვაროში" - გუნდი, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტიტული 2 წლის წინ მოიგო, შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს. სწორედ ასეთ ჯგუფში ასპარეზობს "დინამო თბილისი" და შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტამდე ვერცერთი თამაშის მოგების ფაქტი, ლოგიკურად ახსნადია. "ბრეშასთან" შეხვედრის შესახებაც ვისაუბროთ: ტრავმის გამო, „დინამო თბილისს“ სანდრო ადეიშვილი გამოაკლდა და მის ადგილს ახალგაზრდა გიორგი კირიაკიდი დაიკავებს. საერთო ჯამში, თბილისური კლუბი იტალიაში საბრძოლო შემადგენლობითაა ჩასული და მრისხანე მეტოქესთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.
„ჩვენი ძლიერი მხარე ამ შეხვედრაში იქნება თავდასხმაში დროის სწორი მენეჯმენტი. არ უნდა ვიჩქაროთ, ბურთი გონივრულად გავაკონტროლოთ და ვეცადოთ, შეტევა ჩვენი კარნახით წარიმართოს. რაც შეეხება ბრეშას, მისი ძლიერი მხარე M ზონაში თამაშია და ამის წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკური მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა „დინამოელთა“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზუკა რურუამ.
შეგახსენებთ, მატჩი 30 მარტს, თბილისის დროით 22:30-ზე გაიმართება. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კი საქართველოს პირველ არხზე, ასევე Live.ge-სა და WPC Dinamo Tbilisi-ის ოფიციალურ Facebook გვერდებზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები